ჩემი შემოქმედება






ნინო ელბაქიძე

.  .  .

თუ ბოროტს დევნი და თუ ხარ წრფელი,

თუ გულით ებრძვი ყველა ცუდ ზრახვას,

ამას შეხედავს უფალი ჩვენი

და თუკი სუფთა ბრძოლაში გვნახავს,

არ მიგვატოვებს, შეხედავს თუკი

დავგმეთ, ტაბუ ვდეთ ბოროტს კეთრიანს,

ადამიანებს შეგვინდობს გულით,

რადგან თიხის ვართ, ის კი ღმერთია!

გარდა უფლისა, ან სხვას ვის ვეტრფით?

განა ლოცვის თქმა ასე ძნელია?

მუდამ გვახსოვდეს, რომ ერთადერთი,

მარადიული მხოლოდ ღმერთია!!!

.  .  .

მე მზის ქვეშეთში დავიბადე, შავ ზღვასთან ახლოს,

ამ მთა-ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს,

მე ქეთევანის და თამარის მიწაზე ვსახლობ

და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე!

ბერო ლუხუმო, ძველებურად კვლავ წინ გაგვიძეხ,

კვლავ შეგვახსენე, ხევისბერო, ,,ვისი გორის ვართ“,

ქრისტევ ჯვარცმულო, საქართველოს ნუ გაუჭირვებ,

თორემ ქართველი სამშობლოსთვის თავსაც მოიკლავს!

მე მზის ქვეშეთში დავიბადე, ამ მიწის გულზე,

ამ მთა-ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს,

მე დავიბადე კავკასიის განიერ შუბლზე

და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე!

                         ბატეთის ტბა

კლდესთან ყიყინებენ მწვანე ვასაკები,

ტბაში ფეხებს იბანს ნაძვი,

ბატეთს ეფინება მკერდზე დალალები,

ტალღებს სიყვარული აწვიმს.

გზაზე უცაბედად ხის ტოტი ვარდება,

თითქოს ტბისკენ გვიშვერს თითებს,

ხეებში მზეც ისე უჩუმრად ჩაეშვა,

ფაქტია, ტბის პირას გვიწვევს.

აქ ზაფხულს ჩაუცვია ჩითის ბოლოკაბა

და ბებერ ტივს უკოცნის თითებს,

კარტი რიგდება, ვიღაცა ჯოკერს არტყამს,

ვიღაცა პარტიას იგებს.

გიჟური იწყება წვიმა–ქარიშხალი,

თითქოს ჩამოვიდა ცა ძირს,

ულამაზესია ტბა – ტყის რძალი,

ბატეთს სილამაზე აწვიმს!

 

.  .  .

ვემარტოვები სიყვარულს და ვაზის ნათლობას,

თვალწარმტაც კლდეებს, მწიფე თუთებს ვემარტოვები,

გიჟმაჟ ცხოვრების, ვით შორეულ მონატრებიდან

გამოთხოვილი ოცნებების ვარ მათრობელი.

მიახლოივდება უჟმური და მღვრიე ჰანგები,

უფრორე მეტად მეჭირვება ახლა ცხოვრება,

ვარ ქარქაშიდან ამოწვდილი მტკიცე მახვილი

და წვიმის შემდეგ უცაბედი გამოდარება.

ასიათასად გავიყავი, ისე გავბერდი,

ჰოდა მძლეთამძლე მზეჭაბუკსაც მივუძღვნი რითმებს,

გაცვეთილ ჟამში, ზეცად აწვდილ სულთა თარეში

დამიბრუნებენ რაც გავეცი, რაც დავივიწყე.

ვითომდა თვალი მეჭირვება შენს სიყვარულზე,

მკრთალი სხივების დაწნულ რტოებს ავედევნები,

შენს სულის კუნჭულს ავათრთოლებ მკვეთრი ფერებით,

მე შენს გიჟმაჟურ სიყვარულში ჩავიფერფლები.

ვარ მონატრება ბილიკიდან გადახვეული,

ო, ცაო, ცაო, ჩემდათავად გიხმობ დაღლილი,

ვკვდები უშენოდ გრძნობებისგან გადაყვლეფილი,

თეთრი ლექსების გამზითვება - სამი წერტილი...

ქამელეონზე სულ ტყუილად ხტიან ცდომილნი,

დანანების და მონატრების თხელი ფოთლები,

მე შენს სიყვარულს არასოდეს არ ვუღალატებ,

მდიდარი სულით და ლექსებით დაგელოდები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.  .  .

 

გააწყვეს მოლზე ჟანგისფერი შეზლოგინები,

საკარცხლულები და ნოხები გაჰფინეს მოლზე,

სიზმრად მოსული შეჯირითდა შეზლოგინებზე

და სნობისტური დაიწყო ლტოლვა.

ნამრუდისფერი შეუგზავნეს მას წერილები

და მოაფინეს დედამიწას ლორთქო ფიქრები,

გააწყვეს მოლზე ჟანგისფერი შეზლოგინები,

შეზლოგინები გააწყვეს მოლზე.

ბინდით მხატვარი გვიდო რენი ჩამოჯდა მზეზე,

მიცვალებულთა მზეზე დასდო სულის პალიტრა,

მან ადრინდელი ნახატები გადასწვა ცეცხლზე

და ხელი მიჰყო მხოლოდ ხატვას შეზლოგინების.

მოზიდეს ტყიდან მოთეთრლეგო ლოფორთქინები

და გაშლილ ველზე გობელენებს დაადგეს ზვინად,

მორეკეს ტყიდან კვიცრები და კაპუეტები,

კაპუეტების და კვიცრების დაიწყო წვიმა.

სიზმრად მოსული შეჯირითდა შეზლოგინებზე,

ეროსით მთვრალმა ჩაშლილ თმებში შეჰყო თითები...

საკარცხლულები და ნოხები გაჰფინეს მოლზე,

გააწყვეს მოლზე ჟანგისფერი შეზლოგინები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.  .  .

ისე ყეფდნენ ცაზე ღრუბლები და ისე თრთოდნენ,

ისე გალობდნენ ის პაწია ანგელოზები,

ისეთ ხორუმის წრეებს კრავდნენ კაბადონებზე,

მოგინდებოდა დაგენახა განმეორებით.

ისე ძალუმად დაეძაბა ღრუბელს ძარღვები,

ისე განცვიფრდა, თითქო იყო მაისში თოვა,

მერე დაიწყო გადაყვლეფილ მუხლებზე ხელი,

ცად წავიდა და ჩემი სულიც თან გაიყოლა.

იქ ხელოვნების ტრიუმფების იწყო დაპყრობა,

იმ ჩემ სულიდან გამოძერწა ნატანჯი ქალი,

სახე ღვარძლიან დედაბერის მაგვარი ქონდა,

ხელის თითები უმოძრაო და მთლად დამჭკნარი.

გულზე ათასი სიყვარულის ცეცხლი მეკიდა,

სულში ათასი ფიქრით თრთოდა თხელი ფოთოლი,

გამოკვეთილი სახე ვიყავ რაფაელისა,

დამწუხრებული სახე ვიყავ კვაზიმოდოსი.

ნაკუწ-ნაკუწად იშლებოდა ცის ხელოვნება,

ღრუბლის ფილიდან იღვრებოდა წვიმის წვეთებად,

მეცემოდა და მაფხიზლებდა, როგორც ენძელას

დილის ნიავში მზის სხივები რომ დაეცემა.

გულში ათასი მოგონების იდგა მნათობი,

კვლავაც ათასი ფიქრი იყო სულში შემძვრალი,

გამოკვეთილი სახე ვიყავ ბუონაროტის,

დამწუხრებული სახე ვიყავ დულცინეასი.

...ისე აყეფეს გვირილები,ისე გაწირეს,

ისე მოწველეს ღრუბლებიდან ღამის სიზმრები,

ისე თენდება,მზე ისე მწვავს ნაკოცნ ადგილებს,

ასე მგონია რომ ეხლავე გარდავიცვლები.

 

 

 

 

 

 

 

.   .   .

 

ბავშვობის წლები სვირინგივით დააჩნდა წარსულს,

ხოლო იმ დღეებს ფონად უდგას ძველი სოფელი,

სადაც ყოველი ხის ფოთოლი წლებს უფსკვნის მარყუჟს

და სმენას მიტკბობს წარსულ დღეთა საგალობელი.

ძამა ღრიალით კლდეზე ლოკავს ათქვლეფილ ტალღებს,

თეთრ-ვარდისფერი ყვავილები მოედო მდელოს,

სოფელში წავალ, ჩავალაგებ ლექსებს და კაბებს

მაშინ, როდესაც ჩაშაქრდება მინდორში ხენდრო.

შვილებს ვაჩვენებ ამწვანებულ, გადაშლილ ველებს,

მთებს და ნაკადულს, თეთრი ბლის ხეს, მაცხოვრის ტაძარს,

ბორდოსფერ ღამეს დავანახებ შვილებს და მერე

მოვუთხრობ, აქ რომ გავატარე ბავშვობის ხანა.

აქ უამრავი ხე, ფოთოლი მაგონებს წარსულს,

აქ თითო ნაძვი ხნოვანებით, ფერით ფასდება,

აქ თითო ყლორტი ეტმასნება ზღაპრისფერ ზაფხულს,

აქ თითო წამი მომეტებით მეძვირფასება!

ძამა ღრიალით კლდეზე ლოკავს ათქვლეფილ ტალღებს

და მეც ჩავყურებ მას ამღვრეულ, მღვრიე თვალებში,

დრო ისევ გავა, გვირილებიც ჩემგან შორს წავლენ

და მაშინ ალბათ ძამის ტალღებს შევეფარები.

აქ ზამთარ-ზაფხულ მოგონება თან დამდევს რიდით,

აქ ყოველ დილით აივანზე მზე პირს მადნება,

აქ შვილებს უნდა დავანახო პაწია ჩიტი,

რომელიც შორი ბავშვობიდან მეხმიანება.

ჩემს მოგონებებს თეთრი ბლის ხე სადად მოდენის,

ჩემს მოგონებებს თეთრი თუთაც ადნება თავზე,

წარსული წლების თუ მესმება საგალობელი,

მაშინ დღიურებს და ყველა ლექსს შუაზე გავხევ.

ძამა ღრიალით კლდეზე ლოკავს ათქვლეფილ ტალღებს,

თეთრ-ვარდისფერი ყვავილები მოედო მდელოს,

სოფელში წავალ, ჩავალაგებ ლექსებს და კაბებს

მაშინ, როდესაც ჩაშაქრდება მინდორში ხენდრო.

 

 

 

 

.  .  .

 

როგორ გაივაკა წლებმა,

სული ოცნებებით ლაღობს,

ისეთ ადგილას ვარ ეხლა,

მართლაც არაფერზე ვდარდობ.

სამი ეკლესიის მადლი

მთიდან სხივებივით მათოვს,

რა ბედნიერი ვარ ამით,

უფალს ყველაფრისთვის ვმადლობ.

თუკი სამოთხეა სადმე,

ეხლა იმ სამოთხეს მე ვფლობ,

ჩემ წინ გადაშლილი არე

სულის სიმყუდროვედ მეფობს.

ჩემი ხეობაა ძველი,

ძამის მოჩუხჩუხე ტალღა,

თავად იწერება ლექსი

ისეთ ადგილას ვარ ახლა!

 

 

.  .  .

უფალო, მოგვივლინე ფიქრები მზითევად,

გონება რომ გაწვრთნას ამისთვის გვჭირდება

სხეულიც, სულის რომ ეწოდოს საცავი...

გვედდრი, უფალო, სული დაგვიცავი!

რაშიც გონი მეფობს სხეულზე, ღვთისგან არის,

რაშიც ვნება ძალობს, ის თქმადაც არა ღირს,

მაგრამ სუსტი არის ადამის ნაგრამი,

ამიტომ ცოდვილობს და საზღვრებს გადადიდს...

თუმცა, მაშინა ხარ წრფელი და ძლიერი,

გონება თუ არის უფლის მადლიერი!

 

 

.  .  .

 

გამომიტანე შენი სახლიდან

ის სურნელება და ის ღიმილი,

                   მანდ რომ დავტოვე.

გამომიტანე, შემიფუთე კარგად ქაღალდში,

რომ არ გაგებნეს.

გამოატარე გრძელი ოთახი და დააკვირდი,

არსად არ ჩარჩეს ჩემი ღიმილი და სურნელება,

ფარდებაწეულ შენი სარკმლიდან გადმოუძახე,

გადმოუძახე შენი სარკმლიდან,

(რადგან მაგ სახლში აღარ დავდივარ).

გამომიტანე შენი სახლიდან ის სურნელება

                     და ის ღიმილი,

გასწიე ფარდა!

გამომიტანე და თან იცოდე,

კი არ დავტოვე, რატომღაც დამრჩა!

 

.  .  .

 

ჩემზე ნაწყენი ფოთლები იწვის

და შემოდგომას ვიცი წყევლიან,

ოქტომბერს ჩემი დაბადებისთვის,

ცად მოვლენისთვის ებუტებიან.

რატომღაც მაინც მიშლიან ტირეილს,

თვალში საცემად მეცვლება სახეც,

არა, გადწყდა, ერთ რამეს მივხვდი,

დრო არის, უნდა წავიდე სადსმე!

.  .  .

საცაა ღრუბლები გახლეჩენ კორიდორს

და წვიმა წამოვა თავპირისმტვრევით,

ფოთოლმა იგრძნო პირველი მოდიდო

წვეთი და დაბერტყა მხრებიდან მტვერი.

მიწამ ჩაყლაპა პირველი წყენა

და წვიმაც ტირილით დააცხრა ნიადაგს,

მშიერი მგელივით დაეწყო ხველა

სიმინდის ტაროებს, გვირილებს კი არა.

მამლები საღამოს იკლებენ ყივილით,

ზეცაზე დიდგულა მზე იშლის ნერვებს,

ვაზებმა გადიკრეს ქარვისფრად ღიმილი,

დაწურეს მტევნები მსხვილად და შეთვრნენ.

საცაა ღრუბელი დატოვებს ზეცას,

მზის სხივიც დაათბობს ჟანგისფერ ნიადაგს,

მშიერი მგელივით დაეწყო ხველა

სიმინდის ტაროებს, გვირილებს კი არა

 

 

 

 

 

 

.  .  .

 

განაგდებ იმას, რაც ასე გებრძვის,

გადაძლევ ყოველს, რადგან ხარ მტკიცე,

ვერ დაგიმონებს, ვერ მოგდრეკს მტერი,

რადგან შენ ბრძოლებს ლოცვებით იწყებ!

თუ ხმალი არ გაქვს, დაიმსხვრა ფარიც,

გზას გაგინათებს შენ მაშინ ჯვარი,

რადგან გმობ ბოროტს, რადგან ხარ წრფელი

იარაღია მთავარი შენი

გულწრფელი რომ ხარ წინაშე ღვთისა.

ამიტომ ძალას შეგმატებს ღმერთი,

როცა შეხედავს, რომ გულით ებრძვი

ყოველგვარ მაცდურს და უსარგებლოს,

რომ ცდილობ მხოლოდ სულს ასარგებლო,

შენ ღონემიხდილს შეგმატებს ძალას,

წამოგაყენებს უფალი მაღლა,

რაც მთავარია შენ ეხლა მზად ხარ

ბოროტს შეება შიშველი ხელით

და ამიტომაც ღმერთი შენთან არს!..

შენ დაძლევ იმას, რაც ასე გებრძვის!..

                     

 

 

.  .  .

 

როგორ არ ვიტირო, რომ არ დავიტირო

ის დაკარგული, უსულო წლები,

მინდა გავიღვიძო, ერთხელაც მიღვიძლო,

უფალო, ღირს მიყო, მიმიღო, გვედრი!

ვუწყი, რომ უღირს ვარ, ნეტავი მე ვინ ვარ,

რომ ასე გიბედავ მოგმართო თხოვნით.

ჰე, თავო საწყალო, მოთმენა გასწავლო?

თავს რად ვერ იმკვიდრებ მოკვდავთა შორის?...

დროს უნდა დაელოდო, ბედკრულო თავო ჩემო,

უფალმა უკეთ უწყის, რად უნდა გამოგძერწოს და როდის!!!...

 

.  .  .

ცას შევყურებდი და

გაცრეცილ ტანზე

შევნიშნე, თითქო ჟანგისფერი

დაედო მთვარეს.

თხლად აითალა

სახის ნაზი ჰაეროვნება...

რაც ახლა მოხდა,

ის არასდროს განმეორდება.

.  .  .

 

სული დემონების

ბუდედ დაბერდება,

ჟამი სიავეთა

სევდად დამედება

და გულს დამიღონებს.

მალე მზეჭაბუკი

ციდან დაეშვება,

როგორც არასოდეს,

ისე ამღედრება

მე რომ დამიმონებს.

ფიქრი სევდიანი

მზითად გამომყვება,

სანთლად ანთებული

წმიუნდად ჩამოდნება

და კვალს დამიტოვებს.

გულზე ვარსკვლავები

მშვიდად მომებნევა,

ცეცხლი ოცნებების

თუკი მომედება, -

აღარ გავიოცებ!

 

 

 

                    ფოთი

 

 

უმშვენიერესი სანახაობა გადაიშალა თვალსაწიერზე,

,,მზე ჰელიოსის“ ნაშიერები თვალთაგან ოქროს სხივებს ისროდნენ,

ოქროს ქვიშიდან ამოყოლილი ,,ოქროს საწმისთა“ ვნახე წარსული,

კოლხთა მიწაზე დავდგი რა ფეხი, ვიხილე წამსვე მე სასწაული.

ფაზისი მდორედ მოდინებული

                                       შავი ზღვის ტალღებს დარდებს ატანდა

და თოლიებით გარემოცული ქალაქი წარსულს ვეღარ მალავდა.

მე, თვით ზღაპრებშიც აუღწერელი ვნახე ტაძარი აქ დიდებული,

აქ სამონასტრო კომპლექსიც ვნახე უფლის ძალისგან გაბრწყინებული.

ფერიცვალების ეკლესიასთან რაღაცა ძალამ მე შემაყოვნა...

ეს იყო მართლა დღე დიდებული, გასახსენებლად დიდხანს მეყოფა!..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.  .  .

 

 

უფალო, შენ გმონებს სხეული და სული,

გონება და გული შენთან არს დასმული,

არ მინდა განგიდგე, მსურს რწმენით ვიარო,

შენსკენ მომავალი გზა რომ გავიარო.

რომ ცოდვებს ვერიდო, ბოროტს განვერიდო,

მაცდური აზრები დავგმო და განვაგდო.

მიმიღე, უფალო, უფალო, გამწვრთენი,

გზები გამინათე, ამინთე სანთელი,

არ მინდა ქონება, ოქრო, სრა-სასახლე,

ერთ მიწის ნაგლეჯზე დამსვი და დამასახლე.

შენსკენ მომავალი გზები მომატარე,

შენი ვარ, უფალო, მე სული მოგაბარე!

 

 

 

 

 

 

 

 

 

.  .  .

 

გადამიყოლებს, ცად წამიყოლებს

დარდები - გრძელი ღამის სიმბოლო,

უნდა ბოროტნი ფიქრნი ვიშორო,

უნდა გავუძლო, გავყვე სიშორეს,

მე მხოლოდ ღვთისთვის ლოცვა ვითხოვე

და არაფერი სხვა მე ამქვეყნად

ვერ დამიმონებს და ვერ წამლეკავს!

როგორც არ უნდა ბრძოლა დამიწყონ,

როგორც არ უნდა გული გამიპონ,

მე მაინც ბოლოს ღმერთთან დავრჩები,

მე სულს გამოვწვრთნი და გადავრჩები!

უფალო, მე ვარ შენთვის მლოცველი,

ერთი უბრალო მონა-მცოდველი.

ვიცი გავუძლებ, სულსაც გამოვწვრთნი,

ჩემს გამძლეობას თავად გამოვცდი,

და ბოლოს, როცა ბრძოლებს მოვრჩები,

ღმერთო, მე შენთან მოვალ ლოცვებით!

 

 

 

 

 

.  .  .

 

ყველაფერს ბოლო და თავიც აქვს ასევე,

როგორც სიტყვა იშვა პირველად მას შემდეგ,

რაც ღმერთმა აკურთხა, სულიერთ გვაჩუქა,

ჩვენც უნდა ვიცავდეთ ამ ღვთიურ საჩუქარს!

რომ სიტყვა არა არ, ქართული ანბანი,

ამ ჩვენი სულების და გულის საგზალი,

ან როგორ ვიტყოდი, ან როგორ დავწერდი,

სიტყვა რომ არის თავად მამა-ღმერთი!

დავღვარო რითმა და გავწიო ჭაპანი,

ესა მაქვს, ზეციდან მოძღვნილი რაც არის,

უფალო, ყველა ლექსს მზითევში მოგიტან,

სიმდიდრე სხვა არ მაქვს, ამ ტვირთით მოვდივარ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.  .  .

 

ამ დარდით სავსე წუთისოფელში

ლექსს ვუხმობ ჩემში ჩასასახლებლად,

კიდევ მაქვს ღონე რითმა გავხედნო,

კიდევ მაქვს ძალა ეს ტვირთიც ვზიდო

და იქნებ მერე ჩემშიც დაბუდდეს ლექსი,

სული რომ გადამირჩინოს.

ვინ უწყის, როდის შემოაჭენებს

მუზებით სავსე ურემს მეურმე,

ამ დარდით სავსე წუთისოფელში

ვის ჭიქას თეთრი ღვინით შეუვსებს

და ამ ბახუსით ანთებულ გრძნობას

ნიაღვრად დაღვრილ რითმებს შეუნთებს.

იქნებ კი მიჯობს ჩემთვის ჩავყუჩდე,

გადავივაკო ფურცლების ჯღაპნით,

სად მივაფიცხო ბუხარს მელანი?...

აღარ ვარ მოკლედ ლექსების დარდით.

და ამ დარდიან წუთისოფელში

თავს რით ვუშველო, თუ არა ლექსით?

ჰოდა, მორეკეთ სიტყვების რემა

და გაჭენებულ ცხენებზე შესვით!

 

 

.  .  .

 

,,ენა ქართველთ“ არს სიმბოლო,,ყოვლისა საქართველოჲს,

 ვადიდოთ ენა ქართველთა, ქართველთა საგალობოჲს,

  ენა არს წმინდა ლამპარი, განძი,ძვირფასი არს სიტყვა,

 ფარია იგი დამცავი, გზა გაიკაფა, განდიდდა.

  ასომთავრულით დაიწყო ანბანმა მოსვლა თავიდან,

 

  შემდეგ ნუსხურით, ხუცურით, მხედრულით თავი გაითქვა,

 

  გმირულად უძლო ქართულმა სპარსულ-ლათინურ შეტევებს,

 

  განავრცო ენა ქართული, ღვთივკურთხეული დგას დღემდე.

 

  ენა მადლია, ნიჭია, ეძლევა მხოლოდ რჩეულ ერს,

 

  მადლია, მაგრამ ამავ დროს დიდ ტვირთ გვეძლევა რჩეულებს...

 ,,ენა ქართველთ“ არს სიმბოლო,,ყოვლისა საქართველოჲს,“

 

  ვადიდოთ ენა ქართველთა, ქართველთა საგალობოჲს!”

 

 

 

 

.  .  .

 

ღმერთო მაღალო, დამიცავი ბოროტებისგან,

მომეცი ძალა სათნოების და სინანულის,

მომმადლე ღმერთო, სიმწიფენი სიტყვის, ქცევისა,

მასწავლე როგორ განვიწმინდო სული ტანჯული!

გულთამხილავო, შენში არის მხოლოდ სიმართლე,

შენა ხარ სიბრძნე, შენ უფალო, შენ ხარ დიდება,

შენა ხარ ქვეყნის დასაბამიც, სულის სიმაგრეც,

მხოლოდ შენ უწყი თუ რაშია ჭეშმარიტება!

უფალო, თუკი სატანჯველად მიძღვენ ცხოვრება,

ეს განსაცდელიც ამა სოფლად თუკი მომეცი,

სხვას არ მოვითხოვ, მხოლოდ სულის მინდა ცხონება,

ძალა შემმატე სწორად რომ ვლო წუთისოფელი!

ო, ღმერთო ჩვენო, არ წარმკვეთო მე სასოებას,

გულის სიმაგრე და სიმტკიცე სულის მიბოძე,

გვედრი უფალო, სიბრძნე შენი რომ მსურს მომეკრას,

რომ შენ გადიდო და შენ გგესო მთელი სიცოცხლე!

 

 

 

 

 

 

.  .  .

 

მივიპარები...

აწეწილ სულს ესმის ძახილი,

კივიან სადღაც და გათელილ გზებს

შემოდგომით ძალით სტენიან

                                 სევდიანი ქრიზანთემები,

ცა იტბორება,იქ, შორეთში ღრუბელი მძარცვავს,

მივიპარები... აღარა მაქვს სურვილი ბრძოლის

და შენს მკლავებში მოვეშურები.

მოვიპარები...

ცამ დამიწყო ალერსი თმებზე

და ჩემს გარშემო შემოაწყო

                             სისხლისფერი

 ბროწეულები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

                  რაჭა

ბინდმა აიყარა ბეჭი,

მთისკენ ავუყვები აღმართს,

აღარ შემიძლია მეტი,

უნდა დაგიკოცნოთ რაჭა.

წესის მტრედისფერი დილა

კვლავაც სანახავად მიწვევს,

უნდა დაგანახოთ ციდან

როგორ ჩამოვირბენ კიბეს.

ბინდმა აიყარა ბეჭი,

ბინდი ცხრაჯვარიდან ჩამყვა,

აღარ შემიძლია მეტი,

უნდა დაგიკოცნოთ რაჭა.

.  .  .

ღამე იტირებს გულამოსკვნილი,

ჩუმად შემოვლენ ჩემთან ფიქრები,

მოვა დრო, როცა ბრძოლით დარლილი

და ნაწვალევი შენი ვიქნები.

მომაგონდება ჩუმი ალეწრესი,

ორღობეებთან დაწნილი ფიქრი,

ერთხელაც ბილიკს ტყეში ავყვები

და აღსარებას ნაძვებთან ვიტყვი.

 

 

.  .  .

 

 

სრულ სიჩუმეში მედარდები, იმ დღეებს ვნატრობ,

როცა ვიცოდი რით სუნთქავდი, როგორ და რატომ,

ეხლა მარტო ვართ, სულ მარტო ვართ მე და მზეწვია,

ვეღარ ვიხსენებ სიყვარული როდის მეწვია.

ან დღემდე როგორ დამატარებს თავის ჭკუაზე,

მინდა ვუარყო, მაგრამ მაინც ვერ ვარ უარზე,

უღიმღამოა უშენობით განცდილი დილა,

ღამე ამოდის მზის მაგივრად, მზეს არ აქვს ბინა.

მხოლოდ მზეწვიებს თუ მოვუხმობ, მათთან თუ მნახავ,

სხვა დანარჩენმა სამყაროში დაკარგა ძალა!

როგორ მსურს ერთხელ რომ გავაღო ფართოდ კარები

და იმ კარებში შემეფეთოს შენი თვალები.

ფინჯან ყავაზე მზეწვიები დღესაც მეწვიენ,

შენ კი არ ჩანხარ, შენ ხომ უკვე გადამეჩვიე.

   

 

 

 

 

 

 

         

              პირველი სიყვარული

 

ფოთოლცვენაში გაიფანტა ჩვენი ბავშვობა,

ცხრაკლიტულებით ჩაიჭედა გარდასულ წლებში,

გარდაიცვალა სულ პირველი გაფრთხიალებაც...

დაღონებული მივყვებოდი იმ პროცესიას,

სადაც ბავშვობის სიყვარულის კუბო მიჰქონდათ,

მერე დაღლილი მივესვენე მიგდებულ ლოდზე

და ავქვითინდი დაკარგული წლების პასუხად.

დავისახიჩრე ტკივილებით ნათელი სული,

თვით ბავშვობაში გადავიცვი ბებრული კაბა,

გადავივიწყე ქვეყანაზე ყველა სიამე

და მხოლოდ შენი სიყვარულის დავრჩი წამება.

უარი ვუთხარი ცხოვრებაში ყოველგვარ გრძნობას,

უკან გავუშვი ბევრი ძლიერ გაწბილებული,

რადგან ვერ შევძლე სამუდამოდ დამვიწყებოდა

რასაც დაერქვა სულ პირველი შეყვარებული!

 

 

 

 

 

 

 

.  .  .

 

მგონი სული არის ლექსისგან შეშლილი,

მუზა რითმითაა ახლა გალეშილი,

ცოტაც და წამიღებს, წამლეკავს კალმის ლოთი,

სულო, დღეს ვეღარ გცნობ, რითმით გამილოთდი.

თავი გამანებე, პოეზიის მუზავ,

სული ამიჯანყე, ვეღარ მოვსდე ღუზა.

რა გინდა, რას მერჩი,

ხომ ხედავ, გავჩერდი...

თუმც, ვინ მხსნას ბორკილი?!

კალმით ვარ მიბორკილი!..

.  .  .

 

ლოცვა ჯერ არ მითქვამს, რითმებმა ჩამითრიეს,

სული აიყოლეს და გადამირიეს,

უნდა გამოვკეტო მე ახლა კარები,

რითმებო, დამეხსენით და ჩემგან განვედით!

უკვე ზღვარს გადადის თქვენი თავხედობა,

ლოცვების უთქმელობაც ხომ დარდად მეყოფა,

თქვენ არ დაემატოთ ახლა ჩემს სატკივარს,

მუზებო, დამეხსენით, ლოცვებზე გავდივარ!

 

.  .  .

 

გადამიყოლებს, ცად წამიყოლებს

დარდები - გრძელი ღამის სიმბოლო,

უნდა ბოროტნი ფიქრნი ვიშორო,

უნდა გავუძლო, გავყვე სიშორეს,

მე მხოლოდ ღვთისთვის ლოცვა ვითხოვე

და არაფერი სხვა მე ამქვეყნად

ვერ დამიმონებს და ვერ წამლეკავს!

როგორც არ უნდა ბრძოლა დამიწყონ,

როგორც არ უნდა გული გამიპონ,

მე მაინც ბოლოს ღმერთთან დავრჩები,

მე სულს გამოვწვრთნი და გადავრჩები!

უფალო, მე ვარ შენზე მლოცველი,

ერთი უბრალო მონა-მცოდველი,

იცი, გავუძლებ, სულსაც გამოვწვრთნი,

ჩემს გამძლეობას თავად გამოვცდი,

და ბოლოს, როცა ბრძოლებს მოვრჩები,

მე შენთან მოვალ, ღმერთო, ლოცვებით!!!

 

 

 

 

 

.  .  .

 

თავქვე დავყვები ძამის ხეობას,

დაბრაწულ ვაშლებს ხამივით მივკრეფ,

და გავიხსენებ სოფლის ღრეობას,

როგორ ბერავდნენ ბატკნები ფილტვებს.

და კვლავ ავყვები ძამის ხეობას,

დაღლილი მხრებით ავივლი აღმართს,

კვლავაც დავხედავ სოფელს ზემოდან,

თვალს გადავავლებ და მერე წავალ,

წავალ, გავთელავ ველურ ასკილებს,

დავლეწავ ეკლით დაბურულ სიმინდს,

ძველი ჭიშკრისკენ ბილიკს გავიკვლევ,

მივალ და სათქმელს იქიდან ვიტყვი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.  .  .

 

ო, ფაფანაგავ, მომენატრა შენთან შეხედრა

ძველი საფლავის ხავსიანებზე,

შეშლილი სახით გვერდს გიქცევდა მქუხარე ძამა,

ღელიანებში ჩაჰქონდა დარდი

და იდგა ნატიფ ხელოვნებად აქანდაკება.

მიმოვიხილავ აკლდამასთან რქააცლილ რტოებს

შენს საუფლოში დასასახლებლად.

სულს ენატრება კვლავაც ძველი ფიცრული სახლი

და ჩიტუნების აფრთხიალება.

ორღობეებში აცა-ბაცად დაკლაკნილ ბილიკს

ავედევნები გასამხნევებლად

და ავჟღერებ გულზე დაირებს.

თუკი გიხილავ, ფაფანაგავ,

ხავსიანებზე გაცლილი დარდით,

აღარ ვიდარდებ აღარაფერზე.

 

 

 

 

 

 

 

.  .  .

 

თრთიან ფოთლები,

დასტყობია გვირილებს დაღლა,

ყვავილებს ათოვს.

იქ, მზეს ბებერი შემოდგომის,

ჩააცვეს მანტო.

სახეს ადნება ფოთოლცვენის

სულ ბოლო ყუნწი,

სულში ღამდება.

უნდა გაასწრო,

შენ, მზევ ბებერო შემოდგომის,

-         ჩამოზამთრებას!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.  .  .

 

 

ისმოდა მწუხრში გვირილის კვნესა,

ჰაერს ერთვოდა ყვავილის ფშტვენა,

ოქროსფერ ფოთლებს

მიწა ბალიშის პირად იფენდა,

ქარი ბინდ-ბუნდში აარშიყებდა

დაღლილ გვირილებს.

იქ, მწუხრში ტვირთი არ გადაჰკიდეს

ყვავილებს, მათი ზნის გადამკიდეთ

ცრემლები ჰქონდათ.

იქ, დაბინდული თვალების ირგვლივ,

დახურეს როგორს ცხოვრების წიგნი,

მზე დაიბოღმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

.  .  .

 

პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი,

მომავლისათვის იშვა ღვთიურ ძალით და რწმენით,

არ დავიღალო მინდა ქართული ენის ქებით,

სიტვა იგი არს წმინდა, სადიდებელი ერის!

ოცდაცამეტი ასო, ოცდაცამეტი ბგერა,

ამ ასოებით ითხზვა ქართული იგი ენა,

,,ანი“-დან დაწყებული ,,ჰოე“ -მდე განვლო გზები,

ჩვენამდე მოაღწია, გამოიარა წლები,

ფარნავაზიდან დღემდე თუ რამ წმინდაა, წრფელი,

მამულის სადიდებლად საგალობელი ენის.

არ ჩაქრობიათ ქართველთ, ქრისტეს რჯული არ დათმეს

და ამით გაიმარჯვეს,

რადგან გზა განვლეს წრფელი,

                                   რადგან იარეს რწმენით,

არ გადაშენდა მიტომ

                                  ჩვენი ქართული გენი!

 

 

 

 

 

 

 

.  .  .

 

ჰოი, ღვთისმშობლისგან ჩვენთან მოვლენილო,

ვაზის ჯუარისა მიმღებელო ნინო,

დედაო წმიდაო, სათნო ძლიერებავ,

განათლე ქართველნი განსაძლიერებლად!

ღვთისმშობლის მოციქულო,

                    ქალწულთა მშუენებავ,

ღვთისგან მოვლენილო

                    ქართველთა მკურნებელად,

ვაზის ჯვრის მტვირთველო,

                    ბუგ-სენთა განმტვირთველო,

ღვთის რჯულის და რწენის

                    უანგროდ დამტვირთველო.

რა მადლით მოსილო, წმიდად შემოსილო,

ქრისტეს სადიდებლად ქართველთ მოვლენილო,

განშუენებულო, ლოცვით არდაღლილო,

გვედრით საქართველოს, შენ წმიდაო ნინო!..

 

 

 

 

 

.  .  .

უფალო, შენს მეტმა ეს ხომ არვინ უწყისს,

ცოდვად რას მიუთვლი ადამის მოდგმას,

საცოდავთ გონებას იმისთვის გვჩუქნი,

რომ არ ჩავიდინოთ, რომ არ ვქნათ ცოდვა!

ვინ უწყის, რომ გვგონია სიკეთეს ვთესავთ,

იქ სულაც არ ერიოს სიკეთის მარცვალი,

მხოლოდ მან უწყის, მამა ძე ღმერთმა,

რა არის ჭეშმარიტი და რა არს მართალი!

აქ ყოფნა გამოცდაა, თუ როგორ გავივლით,

როგორ გავუყვებით ღვთის ვიწრო ბილიკს,

სინანულს თუ შეგვატყობს უფალი, დაგვიხსნის,

ჩვენც დავძლევთ ბოროტს და ღვთიურ გზით ვივლით!

ღმერთმა გონი მოგვცა თავისუფალი,

რომ ვიყოთ წმინდა, სპეტაკი, სუფთანი,

ნუ შევშინდებით, რადგან გვახსოვდეს,

რომ მარად ჩვენთან არს, ჩვენთან არს უფალი!

 

.  .   .

 

ჩემი ბავშვობა დევს ახლა ხელისგულზე, 

სოფლის ოდა სახლი, წყარო ძამის ახლოს, 

მთებს, ტყესა და ტაძრებს ისე ხარბად ვუმზერ,

სულს ამოვასუნთქებ,  აქ რომ დავესახლო!...

 

 

. . .

მაქვს სული ახლა გაცრეცილი, გვემით განცდილი,

მაქვს გაძარცული, ნაწვალევი და გადაღლილი...

სული ფერმკრთალი ლექსებიდან მებაასება,

მასწავლის, რითმებს რომ სჭირდებათ კარგი გახედვნა.

უფალო, დღესაც შენს ტაძარში სანთლებს ვანთებდი,

ხატებს შევხედე, თავზე ედგათ მკრთალი ნათელი.

ჩემთვის ვჩურჩულებ, ლოცვებს ვამბობ, გულში ვყუჩდები,

ტაძრის სიმშვიდევ, ჩემს სულს ძლიერ ესალბუნები...

ჰგავს სიკვდილმისჯილ მსჯავრდადებულს სული განცდილი,

განძარცვულია, ნაწვალევი და გადაღლილი.

 

. . .

ვშიშობ ახლა, ძლიერ ვშიშობ,

მერამდენე დღეა ფიქრს ვკლავ,

გატყიურდა სულიც თითქოს,

შეფერადდა დღენიც ცისფრად.

სულის ხუთვის ღამე დგება,

მეპარება ცოდვის წუთი,

ვშიშობ ახლა, ძლიერ ვშიშობ,

ღამე დგება რადგან ხუთვის.

 

 

 

 

 

. . .

შეფერდდა დღე და გადიწელა წამები ზანტად,

თითქოს ჩემს სულში მოიპოვა დარდმაც სადგური,

შენ მეღიმები, მეფერები შორიდან ნაზად

და კოცნას მიძღვნი ლოდინისგან გადაქანცული.

როგორ დამძიმდა ეს დღეები, როგორ ვგრძნობ დაღლას,

უსათუთესს სულს ამიტომაც კრძალვით ვდარაჯობ,

შენ მეღიმები, მაიმედებ შორიდან რადგან,

რადგან ასეა, მომავალზე სულ აღარ ვჯავრობ!

მლაშე ცრემლები გავაყოლე წუხანდელ სიზმარს,

ცას შევაჩერდი, ცას მინდორში მარტოდ გდებული,

კვლამ მოეფანტნენ მიმოზები ჟანგისფერ მიწას

და კოცნა მიძღვნეს სიყვარულში ამოვლებული.

ვინ იცის, უკვე მერამდენე დღე არის გეძებ,

ვინ იცის, უკვე მერამდენე ღამეა, გდარდობ,

ალბათ დრო მოვა, გადავირბენ მოლისფერ სერებს

და ჩემს გულს, რაგინდ გაიოცო, მაინც შენ განდობ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

. . .

ასკილისფერი მზე ადგას

უძველეს სოფლის შარაგზებს,

ჩემს ეზო-კარსაც შეაღებს მალე

და საბნად დააფენს ოქროსფერ სხივთა დალალებს,

ბოლოს ჭიშკარსაც შეაღებს,

ჭის წყალსაც ხარბად დახვრიპავს,

ეზოში ვიწრო ბილიკზე

მზე ფეხშიშველა გაიარს,

გატანტალდება მდელოზეც,

მზე - ოქროსფერი ასული.

მზე მთის წვერებსაც გადირბენს,

მამაპაპურად დაივლის

ყველა ხის კუნჭულს

და მერე მზე ტაძრის გულსაც ჩასწვდება,

მიუალერსებს ქვის კედლებს

და ბოლოს მზე რომ დატოვებს

ჩემს წინაპართა საბუდარს,

მზე ასკილისფრად რომ ჩავა,

რომ დაღამდება და ბოლოს

რომ ჩაყუჩდება ბოჩოლაც,

გუბეში ვერცხლის ნამგალი

რომ ჩაცურდება ტაატით,

მხოლოდ მაშინღა მივხვდები,

რომ მოენატრა სულს კვლავაც

სოფლის ნაძვებთან ბაასი.

 

. . .

სულო, ჩაუწყნარდი საღამოს მყუდროებას,

სულო, მოიპოვე სიმშვიდე ლოცვებით,

სულო, ნუ აჰყვები ტანჯვა ცრუ-გოდებას,

თავს ნუ დაიტანჯავ მკაცრი გამოცდებით.  

უფალო, შეისმინე ლოცვა სულისაი,

ყურად იღე თხოვნა, ღვთისადმი ხვეწნა-რიდი,

უფალო, შენ უწყი, უკეთუ უწყი რაი,

როგორ გაუკვალო სულს გზა ჭეშმარიტი!

 

. . .

ხმადაბალ ლოცვით ჩვენს სულებში შემოდის სიკეთე

და უფლის ხმობით იდევნება ბოღმა და სიცივე,

როგორ არ უნდა მოვიპოვო სულის სიმშვიდე,

რაც უფალს ვთხოვე, მოძმის ხელით თუკი მივიღე?!..

 

 

 

 

 

 

 

 

 

. . .

მინდა მივეფერო ნაძვებს, სული დავიმშვიდო ოხვრით,

სიმინდს ჩავეხუტო მწარედ, მიწა გავახარო მორწყვით.

სული შევუბერო მარწყვებს, ხელი გადავუსვა მოცვებს,

ისევ ვაჩურჩულო ბაგე, ისევ დავუბრუნდე ლოცვებს.

გულმა გაგიმეტა დარდად, თურმე როგორ გარბის წლები.

მე შენს დაძახებს, რა ვქნა, მთელი ცხოვრებაა ველი!

. . .

მთა ამეტორღა სისხამ დილაზე, სულმა დაიწყო მშვიდად ცხოვრება,

ფიჭვის სურნელით აივსო არე, ცამ კი ცხვარივით მზე გადმორეკა.

წარსული ოღრო-ჩოღრო ბილიკით ისევ ატარებს ხორბლისფერ გოგოს,

და ისევ ვხედავ ფეხისწვერებზე ბლის მოკრეფისას თუ როგორ მორცხვობს.

ისევ ილეწავს სახეს ტყემალი, ფოჩის კაბები ჩაუცვამს სიმინდს,

და დღესაც იმ სახლს სტუმრობს მერცხალი, სადაც ჩავლილი ბავშვობა მიცდის.

. . .

კბოდე-კბოდე ლელიანში ფარღალალა ქოხებია,

დამპალ ფიცრებს გველის ტყავი მთელ სხეულზე მოხვევია,

კვინჩხრის ნაყრით დაფარული ბილიკები მომჩვევია,

შესაზარი თვალებია, გატყაული სოფლებია.

მთელი ღამე უძილობა შეშლილივით მაბანცალებს,

ბნელ უფსკრულში გადაწოლილ ლურჯ ბაიებს ვუშლი დარდებს.

მეტირება იმერულად იმერეთში გაზრდილ რაჭველს,

შენი სიტყვა, ლურჯთვალებავ, ძველ ტკივილს ვერ დამიამებს.

კბოდე-კბოდე ლელიანში ჩავუყვები ცის დაღმართებს,

სიყვარულის ცეცხლი დამწვავს შენს სუნთქვაზე მოტრფიალეს.

 

 

. . .

შემრჩე ღიმილად, მოგონების ძვირფასს ღიმილად,

და როგორც ცაზე ნარინჯისფერს ხატავს წერტილებს,

მეც მომეფეროს იდეალურ მდუმარებიდან.

ჩავრჩი მიტკლისფერ შემოღამებას ძვირფასს საუნჯედ

და როგორც მაშინ, ახლაც ისევ ისე მაუწყებს

ჯადოსნურ ფერთა მონაცვლეობას.

სახის ნაკვთებზე მცოხნავ ჭინკას შეუკრავს პირი,

წინ ამეშოლტა ტანშიშველა ალვა-ნარინჯი

და მოგონებად ჩამეწვეთა გულში წარსული...

მერე როდესაც ჩამოიყრის სული წლის გამებს,

მეც მივუჯდები ფინჯან ყავას და ზლაზვნით დავლევ

და ფიქრთა წყებას შევუსინდები.

გარდასულივით აწმყოც მაშინ დამეზმანება,

ისიც დაიდგამს დედოფალის ყელმაღალ გვირგვინს

და ფიქრთა სახლში საპატიოდ შემობრძანდება!

 

. . .

                                  ,,მძიმე წუთებში -

                                    დარბაისელი

                                    კაცები ძვირფასს დღიურებს ხევენ“

                                               ვახტანგ ჯავახაძე

დღეები დღეებს ეტმასნებოდა, წინ მიიწევდა ჩემს მხრებზე გავლით,

რას ვიფიქრებდი, დამედებოდა ოქტომბრის თვეში მეგობრის ვალი.

ჯავრი - წუხილად, წუხილი - ცრემლად, ცრემლი მდიოდა თვალთაგან ვრცელი,

რას ვიფიქრებდი, ამატირებდა,  ასე მომტეხდა ეს მოკლე დღენი.

ნეტავი იყოს ფულადი ვალი, ან ოქრო - ძვირფასს საფირის თვალი,

ნეტავი იყოს მანქანა, სახლი, გადავიხდიდი როგორმე მაინც,

მაგრამ ვალია, მეგობრის ვალი, მოვალეობის, სიწმინდის დარი.

ამ ფიქრებს უღელს ვადებდი ხშირად და გადამქონდა ჩემს მხრებზე ჯავრი,

ვეღარ გავუძელ ამდენ დარდს დიდხანს, სული ვატარე საწერი კალმით,

რომ ნაწილობრივ მომშორებოდა, გადამეხადა ეს მძიმე ვალი,

რაც სულში შავი ფიქრები მომრჩა, გადავუხიე მეგობარს თვალწინ.

. . .

იდუმალია საღამო მთაში, აქ წყარო ცივი მოხტუნავს ანცად,

ცივ წყაროს ახსოვს, ის წლები ლაღი როგორ იძრობდნენ აქ ცისფერ საბანს.

წლები მისდევდა წლებს ძლიერ სწრაფად და მეც დავადექ ბილიკს დაკლაკნილს,

გამოვიცვალე ბავშვობის კაბაც და ჩემს ტანს რუხი მანტო ჩავაცვი.

კვლავ მოვაკითხე საღამოს მთაში, წყარო ანკარა კვლავ ხტოდა ანცად,

აქ ახსოვს წყაროს: ის წლები ლაღი როგორ ტოვებდნენ ბავშვობის ასაკს.

. . .

გვირილები ნება-ნება მიწის სუნთქვას ისმენენ,

მეც ვუცქერი, როგორ თხზავენ იმ ნაღვლიან სიმღერებს.

წინ მეშლება მთა და ველი, ტყეში ხტიან შველები,

ფრთას მოიტეხს ხეზე მტრედი, მივალ, მივეშველები.

ვხედავ, როცა გვირილები ყვითელ კაბებს ირგებენ,

სწორედ მაშინ მღერის მთებიც იმ ნაღვლიან სიმღერებს.

 

 

 

 

 

. . .

შემოდგომის აფეთქება, სიკეკლუცე მრავალი,

ნაზ ჰანგებზე ამღერდება თითისიგრძე ზრაპარი,

კოპიტების გაფხორება, თუ სიცოცხლე გვირილის,

უკვე აღარ მაგონდება ყვავილების ტირილი.

სადღაც სულის ჩივილია, სადღაც კიდევ განგაში,

უჩვეულოდ მიილია შემოდგომა ნატვრაში.

. . .

საღამო არის მშვიდი და გრილი,

ალუბლებს ხურავთ წითელი მანტო,

მძიმედ მოვდივარ დაღლილი ფიქრით

და შენზე ვდარდობ.

იქ, ნაცნობ ატამს ასწვია ბეჭი,

ქარი აშარი ლოყებს უღებავს,

ერთხელაც მოვალ გაშლილი ფრთებით,

დაგათოვდები ბროწეულებად.

 . . .

შენ დამიძახე, გამომაფხიზლე

და გაგიცანი მაშინ პირველად,

მერე ქვეყანას გადმოვაფრქვიე

ნაზი ჩურჩული და დაფიცება.

ბევრი გეძებე,

ოცნებით დაღლილს ჩამძინებოდა,

თავს მთვარე მადგა,

მთელი ის ღამე მტკიოდა თავი

და ღამეც უფრო მითიურს ჰგავდა.

. . .

ფოთლებს ცივ ქარში დაეცემათ ცის სიცახცახე,

გაუთეთრდებათ ბაგეები შიშველ გვირილებს,

ოქტომბრის თვეში ქალი დალევს მზის სიტკარცალეს

და გადაღლილი მწარედ იტირებს.

შემენანება განწირული მლაშე ცრემლებით

და მის სველ კაბას შევაგებებ ფოთოლთა ღიმილს,

უნდა მივუსწრო, აეწვება ტერფები სანამ,

თორემ დამწვარი მზის რისხვისგან, ვერაფერს იტყვის.

. . .

შენმა მზერამ დამაბნია, შენი ტვალის მოპყრობამ,

გაცნობისას დამავიწყდა ხელთათმანის მოძრობა.

თუ ღმერთი გწამს დაივიწყე, გადაიგდე მაგ გულზე,

იმ ღამით რომ არ წავიძვრე ხელზე მოსამსახურე.

 

. . .

ჩემთან შეხვედრა ამაზრზენი იქნება ახლა,

ერთი ტკივილიც სულიდან რომ ამოვიგლიჯო,

თხელ ზედაპირზე დავინთხიო ფარფატა სითხე,

ან სიფრიფანა სამყაროდან ამოვიგმინო.

მოულოდნელი და საშიში იქნება მართლაც,

თვალთახედვიდან თეთრი ფერი რომ გადავიძრო,

ანდა ჩავიცვა ახალგაზრდამ ბებრული კაბა

და ჩალურჯებულ ცის კიდეზე გადავაბიჯო.

 

 

. . .

კოლოსალური სიმძიმის ტანზე გლოსოლამიის მეძახდა სევდა,

ნაწიბურები დატოვა კანქვეშ და შემახსენა ყვავილთა ფეთქვა,

ზეცის ღამეულ საბლარდნელში კი მზის სხივებისგან წნავდა გვირილებს,

სადღაც ბინდ-ბუნდში კუსკუსა ხვლიკიც აფუთფუთებდა კლდეზე სვირინგებს.

როგორც ზღაპარში, ხე ყარაჯისა მარტოსულივით იდგა ყანაში,

ძალუმ არ მსურდა, მაგრამ თავიდან უნდა დამეწყო მასთან თამაში.

ქროდა ბორიო, გიურზა ხტოდა მწკლატე გემოთი პირდაღარული,

როგორც სიზმრიდან, ისე გამოძვრა და მობრძანების ქმნა სასწაული.

. . .

ჩემს თმებში ურცხვად დაჭიანობს ქარი ეული,

მის დაუდეგარ სულში ახლა სჭარბობს ხოლერა,

მიაქვს ფიქრები დაწურული და დალეული,

რომ დაანახოს ცას ფიქრების აბობოქრება.

ფაჩუნობს ქარი ავადმყოფი და მარტოსული,

ბობოქრობს ავი და სახეზე სუსხად მადნება,

ფათურობს ქარი უკვე სიოდ გადაწურული,

ფათურობს ქარი, თმებს მიწეწავს და იმალება.

როგორც ზღაპარი გარდასული და საოცარი,

ქარი მიხრწნილი  უკვე სიოს იცვლის სამოსელს,

ვგრძნობ მალე თმებში ეს გიჟური ჭენებაც დაღლის,

ჩამოცურდება კულულებზე და მიმატოვებს.

 

 

 

 

. . .

ტკივილს და ცრემლებს, ასე რომ მტანჯავს და სულის მოთქმის არ მაძლევს ნებას,

ვერაფერს ვშველი, რადგან ფიქრები ისევ ახალი ფიქრებით კვდება.

მე არად ვაგდებ ახლა ამ ტანჯვას, რადგან ის ჩემს სულს დაეძმობილა,

უფლის მონა ვარ და ესეც კმარა სულში ვარდების დასაბუდებლად.

და თუ ტკივილი, ვვნება და დარდი თავს უდიერად კვლავ შემახსენებს,

მომაგონდება, რომ წრფელმა გრძნობამ სულს აზულუქა და თაფლით კვება,

მომაგონდება, რომ წრფელი გრძნობა გაშლილი ფრთებით არასდროს კვდება.

და მაშინ ალბათ ტკივილსაც დავძლევ და გადავიყრი გულიდან დარდსაც,

მაშინ ყველაფერს დავარქმევ სახელს, მაშინ ტკივილიც თავისით წავა,

წავა და სულში გვრილებს დათოვს...

 

. . .

კოლოსალურად მაწვება ფიქრი,

დღე მიდის უქმად და უსაშველოდ,

მოშუაღამდა... მაინც არ ვიცი

თუ ამ დღის ვალი რისთვის დამედო.

ცისფერ სიზმრებში ვატარებ ღამეს,

ფერად ოცნებას ცის კოშკებს ვუგებ,

ხვალ? ხვალ უსათუოდ მივხედავ საქმეს,

ხვალ დღეის ვალსაც გავანადგურებ!

თენდება... გულში იმედი წვეთავს,

დღეიდან მე ძველ ცხოვრებას ვტოვებ,

საღამოვდება  და ისევ ვხედავ

ეს დღეც ცდუნებას რომ ვუსახსოვრე.

 

. . .

უფლის რწმენით და სიყვარულით ვინც დაღლილია,

ვინც უფალს გესავს, ვინც ღატაკებს ლუკმა-პურს უყოფს,

ვინც ღმერთს თავს უძღვნის, ვინც შრომაში თავწახრილია,

ვინც წრფელი გულით, გულით ითხოვს, იგი ღებულობს!

და ვინაც ცდილობს განერიდოს, განშორდეს ცოდვებს,

ვინც ერთგულია მაღალ ღმერთის, მას მადლობს უხმოდ,

ვინც სიყვარულით და სიკეთით აღავლენს ლოცვებს,

ვინც წრფელი გულით, გულით ეძებს, იგი პოულობს!

 

. . .

უფლისგან წვრთნას ვერ ვუგულველყოფ,

ვერ წავუყრუებ მხილებებს ღვთისას,

თუკი მწუხარებამ სულში ხელი შეჰყო,

ეს ღვთისგან არის და ჩვენვე გვიცავს.

ის, რაც გულს ატირებს, ღვთისგან მოძღვნილია,

ის, რაც მწარედ მოჩანს, სიტკბოა სულის,

რასაც განსაცდელი დავარქვით, ის ლხინია

და ამ ლხინს სულისას უფალი გვჩუქნის.

 

 

 

 

 

 

 

. . .

უნდა განვძლიერდე, ვაკაჟო სხეული,

რომ ღვთიურ ლოცვებში გაწვრთნილი, ეული,

რომ სულს მცველად ედგას, რომ ფარად აეკრას,

რამეთუ უფლის ძღვენს დაუთმობს არავის!

მეომრად იქცევა, ქვად გადაიქცევა,

რკინის სამოსს იცვამს დაღლილი ბრძოლებით,

სხეულიც წაიღეთ და გულსაც გავწირავ,

ოღონდ სულს ვერ დავთმობ უფლისთვის მლოცველი.

სული უფლისაა, რაც ღმერთმა მაჩუქა,

უკან დავუბრუნო მე უნდა საჩუქრად!

. . .

რასაც მთხოვდა სული თურმე, ახლა მივხვდი რას და როგორ,

თურმე სული ამას მთხოვდა, აწი უფრო ბევრსაც მომთხოვს,

მომთხოვს დავრჩე ამ მთებს შორის, აწი უფრო მომთხოვს მეტსაც,

ამ თხოვნებით სული მომღლის, არ მიმიყვანს სანამ ღმერთთან!

. . .

აქ სული მაქვს ისე ლაღად, ვეღარ იტევს მის წილ საზღვრებს,

აღარ უნდა სხვაგან წასვლა, ვეღარაფერს სხვას ვერ ამჩნევს

გარდა იმის, რომ აქ ნახა შვება სულმა და სიმშვიდე,

აღარ უნდა, არ სურს წასვლა, გულიც მხოლოდ აქ მიმიწევს.

როგორც წყალში თევზი ცურავს, მეც ისე ვგრძნობ აქ თავს ლაღად,

აქ ვიფიქრო მინდა ჩუმად, აღარ მინდა სხვაგან წასვლა!

 

 

 

. . .

ავბედით დღეებს სიხარულის კარიბჭე დაშლის,

მისი ნათელი ყველა ჩვენგანს გვერგება ჯამით.

წყვდიად ღამეში ლურჯი ზეცა კალთებს აიყრის,

თითოეული თავის წილ ხვედრს მიისაკუთრებს...

მერე ვარდისფერს გადავიძრობ სახის კანიდან

და განათებულ სამყაროში შემოვაბიჯებ!

. . .

აწეწილი ფიქრი ვარ და დაღვენთილი სანთელი,

თუ ოცნებებს დამიმალავთ, თავდაღმართებს ჩავყვები,

გაზაფხულის სხივი ვარ და სინატიფის მუღამი,

ნერვის ამწყვეტ სადღეგრძელოს სამუდამო სტუმარი!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                ჩ ა ნ ა ხ ა ტ ე ბ ი

.  .  .

ბგერები ჰაერს ირიბად კვეთს. სული ობლობას შეჩვეული თავს კვლავ მახსენებს. ანაზდეულად თითებს შორის ბროწეულები მეჭყლიტება, ხმაც მკრჩხალი ხდება, ყალყზე დგება ღამის სიჩუმეც და როცა მეწყება თავის ტკივილები მე შენ გეძახი... როცა სულს აღარ ეშვება თავნება მესალინა, როცა მარტოობა სანუკვარ ბალზამად ეცხება გულს, მე ვტოვებ ყველაფერს და მივდივარ შორს, იქ, სადაც ოთხი ბუმბერაზი მთა იცავს დუმილს, იქ, სადაც კაცი თავის თავში გარკვევას ცდილობს და სწორედ ამ დროს, როცა არ ვიცი როგორი ხარ, ვინ ხარ, სადა ხარ... მე შენ გეძახი... და როცა მოხვალ, შეშლილივით მოგექცევი, ფუტკარივით ამოგწოვ ბროწეულისფრად შეღებილ სახეს, მე გაწამებ და როცა ამ გიჯური ქმედებისათვის პასუხს მომთხოვენ, არც შენ იქნები დანდობილი. ორი სხეული–– ბნელ ღამეებს შეყუჟებული–– დაიწყებს ოხვრას, მაგრამ ვიცი მალე დადგება ჟამი გარდასახვისა. ისევ მე დაგიამებ ტკივილს და მაშინ ყველა დღე იქნება ჩვენი. ყოველ დილით ზეთისხილის რტოებისაგან დაგიწნავ ჰამაკს და გინანავებ, ყოველ შუადღით მზის სხივებისაგან მოვქარგავ საქანელას და ერთად ავქანავდებით, ყოველ საღამოს მთვარის ანარეკლისაგან სარკეს დავიდგამ და შიგ ჩაგახედებ. ეს იქნება ჩემი ველური სიყვარულის კიდევ ერთი დადასტურება შენდამი. მე შენ ჯერ ჯოჯოხეთს გპირდები და მერე სამოთხეს. ვერ მოგატყუებ, იქნება მწარეც, მაგრამ ბოლო თაფლივით ტკბილი გამოგვივა. მე ვარ შენი მოთმინების ფიალის გამომწვრთნელიც და ტკბილი სიბერის დამპირებელიც!.. და თუკი შენ გინდა ასეთი ცხოვრება, მზად ვარ ეხლავე მივწი-მოვწიო ეს დევებივით წამომართული ცხრაკლიტულები, ბუმბერაზივით ცაში აზიდული მთები, მათი სილამაზე–– ,,ვერონიკას თმები" და დაგიბრუნდე, ვითარცა საშინელი ბრძოლიდან თავდაღწეული მეომარი. თუკი გსურს ასეთი გიჟური ცხოვრება, მომიახლოვდი!.. მე შენ ყველგან დაგეძებ, შენ, ვისაც რაღაც მისტიური სწრაფვის უფლება გაქვს მხოლოდ შენთვის ხელშესახები ევასაკენ, შენ, ვინც წარმოსახვითი მამაკაცის მდგრად ჩარჩოებში ჩაეტიე... მე გიჟურ როლში გამოვდივარ ხოლმე ცხოვრების ასპარეზზე, როცა შენ ვერ გხედავ, ან იმ ცაზე გაკიდებულ ოცნებებს ვგავარ, რომელთაც ახდომა არ უწერიათ. ხოლო თუკი დავრწმუნდი, რომ შენი ნახვის იმედი გადაწურულია, მაშინ ნეპჟაციებისა და ფაფანაგების ხილვის წყურვილითა ვარ შეპყრობილი. მე საერთოდ ჟინიანობა მახასიათებს მონატრების ნელ განსასვენში. შენ ჩემთვის უცნობი ხარ, მაგრამ ამასთანავე ძლიერ ნაცნობიც. ვიცი, არარსებულს ვერასდროს გიპოვი და მაინც დაგეძებ. ...მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ვრწმუნდები, რომ მე დავეძებდი სიყვარულს წარმოსახვითი მამაკაცის მდგრად ჩარჩოებში. ეხლა კი ის მიხარია, მოვლენების ბოლოდან აღწერა რომ უფრო მიზიდავს. მე დონ ჟუანიც ბევრი მინახავს, პირველ შემხვედრ ქალსავე რომ ეკორწიალებიან კაბის კალთაზე, მაგრამ ისინი შენ არაფრით არ გგვანან. შენ ის ხარ,ვინც მე ამ რამოდენიმე წლის წინ წარმოსახვითი მამაკაცის მდგრად ჩარჩოებში ჩავატიე. შენ უკვე ამ ჩარჩოებიდან გადმოხვედი და რეალობად იქეცი! ეჰეიი... ადამის შთამომავალო მე შენ გეძახი... ...ყალყზე დგება ღამის სიჩუმე, ტკივილებიც ტოვებენ სხეულს, ტოვებენ, რადგან შენ მე მეძახი! ......... მე შენ გ ი პ ო ვ ე ! ! !

.  .  .

გარეთ ბინდი იკრებს ძალას. მოსაღამოვდება თუ არა, ეზოში ჩავალ. ახლა რომ საზოგადოებას აზრს არ ვუწევდე, ნიღაბს ჩამოვიფარებდი და სულაც ასე ვივლიდი. თუმცა რა უცოდველიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი მაინც საკარნავალოდაა გამზადებული. ზოგს მგლის ნიღაბი აქვს აფარებული , ზოგს - დათვის, ზოგს - კურდღლის და ზოგსაც-მელიის. მერე მთელი ცხოვრება ადამიანები იმის გარკვევას უნდებიან, ვინ რომელი ცხოველის ქურქის ქვეშ იმალებოდა ამ უდარდელი ზეიმის ჟამს. ....... იქნებ მეც მთელი ცხოვრება ნიღაბაფარებული დავდიოდი? ეხლა იმას ვფიქრობ, მე ჩამოვაცალე ჩემ თავს ეს ,,ტიკიმასხარა,"თუ სხვამ?... იქნებ ეხლაც ,,სიფათზე" მაქვს მიტყეპებული? ზოგჯერ სურვილი მებადება ვიყვირო, მაგრამ ამ სურვილს ვიკლავ (საზოგადოებას ანგარიშს ვუწევ), პირველ ნაცნობთან შეხვედრისთანავე ვიღიმები და ისეთ სახეს ვუჩვენებ, თითქოს მასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი. არადა, სულ ორიოდე წუთის წინ არ იყო, საკუთარი სახის გაშიშვლებას რომ ვცდილობდი? და კვლავ, ნიღბის აფარება მაიძულა პირველივე შემხვედრმა ნაცნობმა. იქნებ იმიტომაც იყვნენ ადამი და ევა სამოთხეში, ტანზე განძარცვულნი რომ დადიოდნენ, სულით გაურყვნელობას რომ ეწეოდნენ და პირით სიმართლეს რომ ღაღადებდნენ? სულაც იმ ცოდვის ხის ბრალი იყო ყველაფერი, სამოთხის ბაღში დარგული ცოდვის ხის ნაყოფის!.. ეს რომ არა, დღეს ადამიანებს გაშიშვლება აღარ დასჭირდებოდათ, რადგან შიშველი ევა და შიშველი ადამი შიშველ ნაყოფს მოგვცემდნენ და აზრადაც არ დაებადებოდათ, თუ სახისა და სხეულის შენიღბვა დასჭირდებოდათ ოდესმე. მსახიობებს სცენაზე თამაში მოენატრათ, რადგან ცხოვრებაში ყველანი ვთამაშობთ და ხშირად ამ თამაშის დროს მეტ პროფესიონალიზმს ამჟღავნებენ არაპროფესიონალი ადამიანები, ვიდრე სახალხო არტისტები გაჩახჩახებული თეატრის შენობებში. დადიან ადამიანები და სახეზე არაფერი ეტყობათ, რადგან ნიღბები აქვთ ჩამოფარებული და ყველას თავისი ნიღაბი უყვარს. ამიტომაც იზიდავთ ადამიანებს კარნავალები, ამიტომაც მოსწონთ ქართველებს ბერიკაობის დღესასწაული. მე კი იმიტომ მიყვარს შემოდგომა, ხეებს აბრეშუმის ფარფაშა სამოსს რომ აცლის ქარი, იმიტომაც მიყვარს გვირილები, ნაჭერ-ნაჭერ რომ ეცლებათ ქვედაწელი კაბები და ლიმონისფრად აფეთქებული გული რომ გვიჩვენებს მათ ნამდვილ სახეებს

მომწყინდა ამდენი ლაყბობა. ახლა უსაზღვრო სევდა შემომაწვა სიყვარულისა და სილამაზის არხსენებით გამოწვეული. მომწყინდა ნიღბებზე დაუსრულებელი ფიქრი. მათ, ვისაც ჰგონიათ სხვისი ნიღაბი ნაცარტუტად აქციეს და ამით აღზევდნენ, ძლიერ ცდებიან. მეც ამ წუთში ნიღაბი მაქვს აფარებული და თუკი ეს ნაწერი ჩემი კალმის მცნობელს არ ჩაუვარდა ხელში, სამუდამოდ უცხო დავრჩები ინკოგნიტობას ამოფარებული და მაშინ მეც უნდა მიხაროდეს, სხვამ რომ ვერ შეძლო ჩემი სახელისა და გვარის ამოცნობა. დადიან ადამიანები და სახეზე არაფერი ეტყობათ. სახეზე სიმართლე რომ ვთქვა არც მე მეტყობა ბევრი რამე. სინამდვილეში ყველანი ბოღმითა ვართ სავსე. ხშირად იმასაც ვფიქრობ, ამიტომაც ვერ დავფრინავთ-მეთქი. მე რომ ეხლა ნებისმიერ ადამიანს სარკე დავუდგა წინ, დარწმუნებული ვარ, პირდაპირ გაიგებს მის დანიშნულებას, ფიზიკურ სილამაზეს შეაფასებს ამით. სული კი, სული სარკის მიღმა დარჩება, რადგან ამ ჯადოსნურ ანარეკლში შეუმჩნეველია იგი.

.  .  .

ზოგჯერ ვფიქრობ ავიკრა გუდა-ნაბადი და გავუდგე შორეულ გზას. ზოგჯერაც ამ სურვილს ვიკლავ, რადგან უკან რაღაც მისტიური გრძნობა მექაჩება, მერედა ისე ძლიერად მექაჩება, გასაქანს აღარ მაძლევს. რომ არ წახვიდე, ამისთვის ვიღაცამ ხომ უნდა დაგაკავოს?!.... მარტო ჩემი სურვილი არის კი საკმარისი?... წავიდე და მერე ამ გრძნობას რა ვუყო?...

მოდი, ავიღებ გვირილას და ნაწილ-ნაწილ შემოვაცლი ქვედაწელ კაბას ისე რომ, მხოლოდ ლიმონისფრად აფეთქებულ გულს დავუტოვებ, მაგრამ თან მეშინია, იმ ლიმონისფრად აფეთქებულ გულთან მარტო დარჩენის მეშინია, ბოლო ნაგლეჯმა რომ ,,არა“ მითხრას, მერე რაღა ვქნა? ხოდა შიშით ვეღარც გვირილას ვკიდებ ხელს და ვეღარც ,,კი-არას“ ათვლას ვიწყებ. არადა შემოდგომა დგას, ჩემი უსაყვარლესი დრო, მცენარეების გაშიშვლების ჟამი! ხოდა, მეც ვიშიშვლებ გულს და სულს და უსაზღვროდ გულწრფელი ვჩურჩულებ: ,,არ დავიჭირვებ გვირილებს, დავრჩები და ყველა განსაცდელს გმირულად შევებრძოლები, სამართლიან ბრძოლაში ჩავრთავ გონებას, სულს, გულს და გადავრჩები, აუცილებლად გადავრჩები!!!“

 

 

                     მოგზაურობა ძამის ხეობაში

                       ( ფრაგმენტები დღიურიდან)

 

დადგა ხეობაში გამგზავრების დღე.

ნოემბრის ასეთი დილა ხშირად მინახავს მთაში. ფოთოლცვენაა - ბუნების სასწაული! მართლაცდა საოცრებაა ყვითლად აბრიალებული ხეები! გვიანი შემოდგომის მთელი სილამაზე მეშლება თვალწინ. ოქროსფერი კადრები უსწრაფესად ცვლიან ერთმანეთს: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ისევ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიგვაცილებენ. სარკმლიდან კარგად ჩანს მთაზე აშლილი ხეების კენწეროები. თვალს აწყნარებენ, ყურს ესალბუნებიან და სულს ამშვიდებენ მწვანე მდინარის მორცხვი ჩხრიალი, ჩამოცვენილი ფოთლების ჩუმი შრიალი და კიდევ სალონში დაღვრილი ვანესა მეის კლასიკური ჰანგები. ვერაფერს იტყვი, იდეალური შეხამებაა!

რიკოთის უღელტეხილს ვუახლოვდებით. ბუნება აქაც გარინდებულა, ირგვლივ ოდნავ სუსხშეპარული სითბო, სიმშვიდე და სიმყუდროვეა. ღია მოლისფერ ფონზე აქა-იქ გაბნეულა ყვითელი ლაქები. ბუნებას ჭაღარა შეჰპარვია. მთებს ნაბადივით სქელი, თეთრი ნისლი ჩამოსწოლია. უღიმღამოდ და ბუნდოვნად, სადღაც შორეთში იწვერება მზეც. აშკარაა, ირგვლივ ზამთრისწინა მყუდროებას დაუსადგურებია. აქა-იქ შემორჩენილი, გაყვითლებული, უსიცოცხლო ფოთოლი კი სხვა არაფერია, თუ არა ბუნების სევდანარევი მონატრება წარსული მშვენიერებისადმი! 

... მანქანა ხეობაში შედის. ნაზი, უსასრულოდ ნაზია სამყარო. რძისფერი გადაჰკვრია ალიონს. ბურუსით მოცული იდუმალების ფონზე იდუმალადვე შრიალებენ ოქროსფერი ფოთლები. აქა-იქ შემორჩენილ ნაყოფს ხამივით ძირს ყრის მოძალებული ნიავი... და უცებ ამ ხეობაში გატარებული დღეების დროს დაწერილი მივიწყებული სტრიქონები ამოტივტივდა: ,,და გავიხსენებ ძამის ხეობას, როგორ ბერავდნენ ბატკნები ფილტვებს...“

გზა რატომღაც უსასრულოდ გაიწელა. როხროხით მიუყვება მანქანა ძამის ხეობას და უკან დაკლაკნილ ბილიკებსა და აჩეხილ ფიჭვებს იტოვებს. ქართლის ერთმანეთზე ულამაზესი სოფლები თავმომწონედ გვიხრიან თავს და გულღიად გვიწევენ მასპინძლობას. .

...რიალრიალით აფრთხიალდნენ თუ არა ჩიტები ცაში, სარკმელს მზის სხივებიც მოადგა, მომიკაკუნა შეხსენებების ქარბუქმა, რეალობაში გადმოსაბარგებელი დრო დადგაო.

სარმლიდან გავიხედე. კეხიჯვარი უკან მოგვეტოვებინა. ხელმარცხნივ თუ გადავუხვევდით, გზა ტაძართან მიგვიყვანდა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მივიღეთ. მანქანა უკვე მიხვეულ-მოხვეული გზით მაღლა და მაღლა მიიწევს. გზის ბოლოში ისიც გამოჩნდა - დედოფალივით თავმომწონე მაღალგუმბათოვანი ყინწვისი. ტაძრის ეზოში შევდივართ. ფეხქვეშ ხრაშახრუშს ვუყენებ ჭრელ ფოთლებს ( რას იზამ, ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევაა ), გარინდებულ ბუნებაში გაბნეულ ყვითელ ლაქებს შევყურებ და მზერა იქვე დაგუბებულ წითელწინწკლა კალმახებით სავსე წყალზე ჩერდება, რომლის მიღმაც ტაძრის გუმბათი ირეკლება.

სამონასტრო კომპლექსს ვათვალიერებთ. თითებით ნაზად ვეფერები მრავალსაუკუნოვან ქვებს და თითქოს მართლაც ,,თვალსაწიერზე საბურველი გადაგვეცალა და ნანგრევებში მოგველანდა ჩვენი წარსული...“

მანქანა თავდაღმართს მოუყვება, მერე გზა სწორდება, სოფელ ზღუდერში შევდივართ. სოფლის ცენტრში დაცულია ძველი ტაძარი, რომელიც შემოზღუდული ყოფილა ციხე-გალავნით და ამის გამოა, რომ სოფელსაც ზღუდერი უწოდეს.

გზას ვაგრძელებთ, რომელიღაც რადიოსადგური მძიმე როკის ,,შედევრებს“ გვასმენინებს. აშკარად არ ჯდება ჩვენ ამჟამინდელ განწყობაში. ნეტავ, რომელი სიმღერით შევალთ საციციანოში? და აი, უცებ გოგი დოლიძის ხმით იჟღინთება მანქანის სალონი... ესეც ორთუბნის ციხე-სიმაგრე. მე თუ მკითხავთ, ტაძრის აღმშენებელნი უცილოდ გენიოსები იყვნენ, სხვაგვარად ასეთი დიდებული ციხე-სიმაგრეები არ აიგებოდა!..

 ...მანქანა ოდნავ ანელებს სვლას. აქ დედათა მონასტერია, მონასტრის თავზე კი, მთის წვერზე ძამის ხეობის ყველაზე დიდი მზოვრეთის  ციხეა. მონასტრის წინ გაშლილ მინდორზე, მდინარე ძამის ნაპირას ვიკრიბებით. მთლიანად ეს ტერიტორია, რაც ჩვენ თვალწინ იშლება, საციციანოს შემადგენლობაში შედიოდა. აქ ადრე ციხე-ქალაქი იყო. ციხე-დარბაზს გრძელი მონაკვეთი ეკავა და შემოვლებული ჰქონდა გალავანი. იგი თითქმის მიუვალია, აღმოსავლეთით აკრავს მაღალი ქედი, სამხრეთით - დასხლეტილი ღრმა ხევი, დასავლეთით კი - ორთუბნის ვიწრო ხევი.

ორთუბნის დედათა და მზოვრეთის მამათა მონასტრებსაც ვსტუმრობთ. ტაძრებში სანთლებს ვანთებთ და ჩვენ საქართველოს ვავედრებთ უფალს. მერე ისევ მანქანაში ვსხდებით და უკვე გეზს ჩემი სოფლისაკენ ვიღებთ. და აი, თვალს ეფარება თუ არა საციციანო, მაშინვე ჩემი მშობლიური სოფელი ელბაქიანთკარი ,,გვიხუტებს გულში.“

მანქანა ჩემს უბანს უახლოვდება. ზემოდან მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია გადმოგვყურებს. აბრა მიგვანიშნებს თაბორის მამათა მონასტრისკენ მიმავალ გზას. გზა ნაძვნარში ადის. მაღლა, გზის ბოლოში ტაძარია. ,,აბა, ის რა გზაა, რომელიც  ტაძართან  არ მიგვიყვანს?!“ ულამაზესს ტყეში მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი ჩიტის  თბილ ბუდესავით გამოიყურება.

ესაა, რომ გული მტკივა აჩეხილლ ფიჭვებს რომ ვეჩეხები, ძამის ნაპირზე ტყედ გასულ ხეებს რომ გავსცქერი, ძალუმად ხავსმოდებულ ლოდებს რომ ვამჩნევ. ერთი სიტყვით, ხალხის ნაკლებობას რომ განიცდის სოფელი, ეს მატკივებს გულს. ხალხთან ერთან წითელწინწკლა კალმახებიც ნაკლებობენ. აღარ ისმის ის შორეული გადაძახილი ეზოდან ეზოში, სიცოცხლით ასე რომ ავსებდა სოფელს. ადამიანები ბუნებას დაშორდნენ და მიავიწყდათ ის ფესვები, საიდანაც ამოვაჟკაცდნენ. ხის ოდები მხართეძოზე არხეინად წამოწოლილან და მოლოდინად ქცეულან. ჩაყუჩებულნი ელიან გამძლეობამდე, სანამ კიდევ შერჩენიათ ძალა, გასცქერიან ატალახებულ შარაგზას და მხრებჩამოვარდნილი დედაბრებივით აჭრიალებენ მორყეულ ჭიშკრებს. მიტოვებული ყანებიც მტკენენ გულს, ეკლად გასული მაყვლებიც ამაოდ ელიან ატიტინებულ ბალღებს. ველურმა მარწყვმაც გადაუარა ბალახებს, ფართოდ გაშალა მხრები და ტკბილი, ძალიან ტკბილი ნაყოფი ამოუშვა.

.. საცალფეხო ბილიკით მეუფის რეზიდენციაში გადავდივართ, რომლის უკანაც სარკინეთია, შიო მღვიმის სახელობის კლდეში გამოკვეთილი ტაძარი.

აქ მთავრდება ჩემი სოფელიც და გზას ისევ მანქანით მივუყვებით. უკან ვტოვებთ სოფლებს - გვერძინეთს და წიფლოვანას და ქოზიფასკენ მივდივართ. გზად კიდევ ერთ მონასტერს მოვილოცავთ, ორხევის წმიდა ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერს, რომელიც 2007 წლის 16 ნოემბერს ამოქმედდა მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით.

მანქანა მონასტერს ტოვებს და ხეობის ვიწრო გზას მიუყვება. მალე გზა იყოფა. მარცხნივ თუ გადავუხვევთ, ბატეთის ტბის სილამაზით მოგვიწევს დატკბობა, მარჯვნივ თუ წავალთ, ქოზიფამდე მივალთ. ჩვენ ამ ორ გზათაგან უკანასკნელს ვირჩევთ.

ბოლოს სოფელი  ტყემლოვანაც გამოჩნდა, რამაც უმალვე ფიქრებიდან გამომიყვანა. აქედან უკვე ქოზიფასკენ ფეხით მივდივართ, მონასტრის შესასვლელში ვჩერდებით.

ქოზიფაში სრულდება ჩვენი მოგზაურობა. ხეობაში 40-ზე მეტი ეკლესია-მონასტერია. ყველას მოლოცვას ერთ დღეში ვერც შევძლებთ. გავყურებ ამ ულამაზესს ხეობას და ვფიქრობ, როგორი ლამაზია საქართველო თავისი მთა-ბარით, ტყე-ველით, სილამაზით მას ვერცერთი მხარე ვერ შეედრება.

უფალო, დაიცავი და გააძლიერე საქართველო! 

- გაბრწყინდება ჩემი ქვეყანა?! - ამეკვიატა ეს კითხვა და მოსვენება აღარ მომცა. თითქოს პასუხად ბებერი მთის თავზე შავმა ღრუბელმა თანდათან ურჩხულის ფორმა მიიღო, მერე თითქოს გამოიდარაო, გაცისკროვნდა, გაიშალა და ცაზე შვიდფერი ცისარტყელა გადაიჭიმა. თითქოს კაცობრიობა და ბუნება ერთ ყოვლისმომცველ ღვთაებაში შედუღაბდა, მთის წვერზე კი დაშლილმა ღრუბელმა თვალებახვეული თემიდას სახე მიიღო, რომელიც სასწორით ხელში შემომდგარიყო მყინვარწვერზე და ვერ გაერკვია, საით გადაეწონა სასწორი: რა აჯობებდა: გონება  თუ უგუნურება?! რწმენა თუ ურწმუნოება?! საქართველო თუ დაქუცმაცდა, რისი ბრალია, თუ არა ჩვენი ცოდვებისა?!

ვირწმუნოთ უფალი, ვგესოთ უფალი, ვადიდოთ უფალი არა მარტო ბაგეებით, არამედ საქმითაც და გადავრჩებით, სულს გადავირჩენთ და ჩვენ სამშობლოსაც გავაბრწყინებთ!

 

 

 

...

საცაა მზე გახსნის ფორთოხლისფერ სკივრს, ყვითლად ჩამწიფებულ  სხივებს დაგზავნის დედამიწისკენ და სიყვარულში ამოვლებულ სითბოს ადამიანთა მოდგმას დაუნაწილებს.

ისევ მომესალმება თბილი დილა და ნაზად მომადებს ლოყას ლოყაზე. მერე ერთს გულიანად გადიკისკისებს და მომილოცავს პირველ გაზაფხულს. მზე - საოცარი ფენომენი - მომეგებება, თავბრუს დამახვევს დღის უჩვეულო აჩუმათება და მეც ახალ დღეს უნაზესი სულით შევხვდები. ჩემთან შემოვლენ უსაშველოდ ლურჯი იები და ლილისფერი ოცნებებით თავს დამესხმიან.

მე შემიძლია რომ გავუგო გვირილებს დარდი, მე შემიძლია რომ ეს დარდი შევუმსუბუქო რძისფერ ალიონს. სამაგიეროდ, მეც შემიძლია საიდუმლო გავანდოი ნაძვებს, მეც შემიძლია ძამის პირას ცრემლები ვღვარო, მეც შემიძლია რომ მთებს ვუთხრა ჩემი სათქმელი, რომ ცხოვრებაში არშემდგარი სიყვარული მკლავს, რომ მონატრება აგერ უკვე მერამდენედ სულს ღრნის ჩემს დარდებს...

მზე კი საცაა ფორთოხლისფერ სკივრს კვლავ დახურავ და უზარმაზარ ბოქლომს დაადებს!...

...

ცხელოდა. შარაგზა შრებოდა და იმტვერებოდა. მძიმდებოდა ჰაერი. რაც არ უნდა ითქვას, ერთი ფაქტია - აქ ყოველთვის ასე იყო - შებინდებისას შვებას გრძნობდა ადამიანი! ნახირი ბრუნდებოდა თუ არა სოფლად, სხეული მსუბუქდებოდა, ირგვლივ გრილდებოდა, მზეც იშვერდა გაბზეკილ თითებს და მერე საბანკალთააკეცილ თვალებს ლულავდა.  გვიან უყეფდნენ ვერცხლისფერ მთვარეს სოფლის ძაღლები, ლურჯ საღამურში გამოწყობილ მთებსაც უღრენდნენ და შორეთიდან დაჰყმუოდნენ ბებერი მგლებიც.

ფერი იცვალა დედამიწამ შემოდგომის პირს. იდგა ასული - მშვენიერი ფერიცვალება! მოლიპულ კლდეს კი ძამის თეთრი, შმაგი ტალღები თავაწყვეტილად ულოცავდნენ ჟანგისფერ ძირებს. ემძიმებოდა თავაწეულ მთების ღრიალი გლუვ დედამიწას.

ძლიერ ცხელოდა... შარაგზები იმტვერებოდა და ამ მოწყენილ სიჩუმეში ძროხის ბღავილი შვებას უწყოდა მზით გადაღლილ ადამიანებს.

... და საერთოდაც, მხოლოდ აქ გრძნობს შვებას სულდგმული!

Ø   

მლაშე ცრემლები მიმოდიან ვარდისფერ კანზე, ლოყას მიწვავენ და ყელისკენ იპარებიან, მე არ დავუშვებ ცრემლებისგან გატკეპნიულ გზაზე, რომ ერთი კიდევ სველი მძივი გადამიგორდეს. მარდად ვიმშრალებ იდაყვებით სველისფერ თვალებს, ღიმილს ვიმაგრებ სქელ ტუჩებზე და თავს ვერევი. ავდარს ვაშორებ სევდისაგან მოწყენილ სახეს და ახლა უკვე სულ სხვაგვარად მე ვიღიმები.

მე გავიმარჯვე, გავიმარჯვე სევდაზე ასე!


. . .

ვერცხლისფერი სარძლო ცაზე გასვლას უშლის ვარსკვლავებს,

მალე ტყეში ტყაშიმაფა ურჩ ცხოველებს გადარევს,

ჩაშაქრული მარწყვის წვენი ტუჩებს წითლად მიღებავს,

ჰოდა, მთაშიც დასრულდება გაზაფხულის სიმღერა.

და მერე კი ლექსის მძივებს დავურიგებ ონავრებს

და ზაფხულიც ჩითის მანტოს უდარდელად მომახვევს.

მთის მდინარეს დავუყვები ადრიანი დილიდან,

მორაკრაკე ნაკადულის და ნაძვების შვილი ვარ.

ძველთაძველი ქვის ნანგრევებს მივალ, მივეფერები,

მთის ბილიკებს გადაჰყურებს რუ და მწიფე ტყემლები.

მოღრიალე ძამა როცა სოფლის გულზე გამოდის,

ვერცხლისფერი სარძლო მაშინ წვება ღრუბლის საწოლში.

ძამის ტალღებს დავუყვები ადრიანი დილიდან,

შინდისფერი ალუბლების და ნაძვების შვილი ვარ.

საარშიყოდ გამოსულან კურდღლები და ციყვები,

მზის სხივები მიალერსებს და იმედით ვივსები.

მაღლა ფიჭვი გადმოჰყურებს ჩემს ძველთაძველ ნასახლარს,

ბოლო ჭიქა ღვინოს აწევს ის და უცებ გადაჰკრავს.

დილიდანვე ვესტუმრები ძველთაძველ ქვებს მაცხოვრის,

მეც შევავსებ ბოლო ფურცელს და რვეულსაც გამოვცვლი...

მთის ბილიკებს ავუყვები ადრიანი დილიდან,

შინდისფერი პოემების და ამ მთების შვილი ვარ!

...

უფალო, გონება მაქვს ძლიერ გადაღლილი,

გთხოვ, განმიკურნო უხვ ეკლებ დაყრილი,

გთხოვ დამეხმარო, გაფანტო ბნელი ფიქრი,

შენს გარდა სხვას არ ვამჩნევ, მხოლოდ შენთვის ვიღწვი.

უფალო, თუკი სადმე ლექსით მიმღერია,

შენ ძღვნად მიითვალე, შენი სიტყვებია რასაც მათქმევინებ,

რასაც მაწერინებ მისთვის, რომ ვადიდო, ვგესო გამჩენი მე!

...

ვაი, ჩემო თავო, როგორ კარგად რწმენას,

როცა სულში ჩუმად იპარება გესლი,

როცა ტკივილები არ ტოვებენ სცენას,

როცა უფლის სიტყვა გულში აღარ გესმის.

როცა გამოცდაა ყველა სატანჯველი,

ყველა სადარდელი არ ელევა სხეულს,

ვაი, ჩემო თავო, მაშინ როგორ გებრძვის

ბოროტება სულში, დარდით გადარეულს.

შენ დღეიდან ფესვებს ვერ გაიდგამ ჩემში,

მოვიშორო უნდა ეჭვი და დარდები,

მე ვიცოცხლებ, რადგან ფსალმუნებით ხელში,

უფლის თანადგომით, ლოცვით გადავრჩები!

...                       

                                        ( პოეტ ეკა ბაქრაძეს)

წელი ფრთახატულა მკერდში ჩამიხუტებს,

გულზე მომეშვება როგორც ჩავეკვრები,

ღმერთი მოწყალების თვალით გადმომხედავს,

ვითარც საოცრება, სანთლად ავენთები.

ჩემში სევდის ხატი ურცხვად შემოიჭრა,

არც კი დამეკითხა, ისე დაბინადრდა,

სიომ როგორც ადრე, ისე გამიღიმა,

ზეცამ ნაწნავებად თმები ჩამიქარგა.

თვალი პორტრეტიდან შვებით გამიშეშე,

კიდეც დავიღალე შენი მოწონებით,

ღმერთმაც დაგიბრუნოს, ღმერთმაც დაგიბრუნოს

შენი ,,მზეთათვთუხა ცელქი გოგონები...“

...

გზად შინდისფერი გაზაფხულის სუნი დავტოვე,

ის სიტკარცალე, ის ატმები და ალუბლები,

მე ის სურნელი შენს კალთებში შემოვაგორე,

თმა გავიშალე და სიცხიან გზას გავუყევი.

გზაზე დავყარე ატმები და ტყემლის კვირტები,

სქელი მარწყვები, ბორდოსფერი საღამოები,

შენთან მოვედი, მივატოვე ძველი ფიქრები

და ახლა მინდვრის გვირილებად დაგათოვდები.

...

ედემში ჩარგულ ხეს ვუკოცნი ალუბლებს,

თმებს ვიშლი, ვიღებავ ბოლოებს შინდისფრად,

ნაზ ტუჩებს ვუკოცნი სისხლისფერ ალუბლებს

და მერე დაღლილი უცრემლოდ ვტირივარ.

ნაზ ტუჩებს ვუკოცნი ალისფერ ალუბლებს,

ჩემს წითელ ოცნებებს და დღეებს სისხლიანს,

მე დაჭრილ ალუბლებს წუხილი გავუგე,

დავკოცნე, დავტოვე და სხვაგან მივდივარ.

 

...

ჩამობერტყა ქარმა თუთა, უცებ შეკრთა ბეღურაც,

თეთრი თუთა მიწას სულაც საბნად გადაეხურა,

გადაწითლდა ეზო ატმით, აფრთხიალდა ჩიტუნა,

დაშაქრული ტკბილი მარწყვით მიწა გადაჩითულა.

შეუმჩნევლად მივაკითხე გზაზე მიყრილ მზეწვიებს,

მერე ნუშმაც მომაკითხა, ბოლოს ბალსაც ვეწვიე.

ცისფერ ფურცლებს კრძალვით გავშლი, ჩავიხატავ ნარჩიტებს

და ზაფხულიც ჩითის კაბით მასპინძლობას გამიწევს.

 

...

მაცხოვრის ტაძრის შიშველ მზერას ხავსები ფარავს,

მოვა დრო, სევდა ჩამომიყრის გაბნეულ კენჭებს,

გულდამშვიდებით გავუყვები მორღვეულ შარას,

იქნებ დაკარგულს გადაგაწყდე, ნაძვებთან შეგხვდე.

ჩამოვაცალე ქვებს ნაზამთრი ძველი სამოსი

და ჩამოვფერთხე ორ ქვას შუა გაბმული ქსელი,

ერთხელაც ვიცი ვერ  გაუძლებს ეს გული ლოდინს,

დუმილს ჩაიკლავს ვნებით სავსე და სათქმელს გეტყვის.

...

მზე ამიქერცლავს ცხელი ქარის ნაამბობ ზღაპარს,

ვეღარ მოვყვები როგორ თრთიან ცაში ღრუბლები,

მაღალ მუხებში შემოიცვამს ფოთოლო ხალათს,

მზე პირს ამიკრავს ცხელი სუნთქვით და დავდუმდები.

ისევ დამაყრის ჭორფლებივით შავი ხალები

და ნამრუდისფრად მიმალეწავს სახეს წკნელები,

უნდა დაგტოვოთ, შემოვკეტო ფართოდ კარები,

ნუ მომიდარდებთ, გზის ბოლოში ისევ დაგხვდებით.

ქრის ცხელი ქარი, გუნდებივით დამაყრის სილებს,

ვწუხვარ, არ ძალმიძს რომ დავიპყრო ცაში ღრუბლები,

მივალ, გიტოვებთ აცრემლებულ მტირალა ფიქრებს,

მივდივარ თქვენგან, ოდესღაც კი კვლავ დავბრუნდები!

 

...

აბობოქრდა, აიწყვიტა, განზე გახტა,

მომილოცა გაზაფხული ლაღი დილა,

მერე კვლავაც სიყვარული გამიმჟღავნა,

სულ ბოლოს კი ისევ ისე გაირინდა.

 

 

                                       ჩ ა ნ ა ხ ა ტ ე ბ ი

 

. . .

ქარი არხევს მწვანე ყუნწებს...

ზესაც სერავს მზის სხივები...

ქშინავს დედამიწა...

სახეალეწილი დგანან ალუბლის ხეები სოფლის შარაზე...

ნეტავ ნატვრისთვალი რომ მქონდეს, რას ვინატრებდი?

ახლა რომ ვინმე დამარწმუნებდეს ასეთი თვალის არსებობაში, მეც ალბათ ელიოზივით ვივლიდი მიზნად დასახული საგნის საძებნელად იქ -  წიგნის ფურცლებზე ის, დაკონკილი ელიოზი - ტყეში მარტოდმარტო, ცის გახსნისა და იმ ნატვრის ხის მოლოდინში ყინვით აყვავებულ ხის ქვეშ გაიყინებოდა. მე კი - აქეთ, დახურულ წიგნს გადმოღმა, რეალობაში ხაკისფერი წვივებით დავივლიდი გვირილებით გადაპენტილ მდელოს.

ბოლოს და ბოლოს, მართლაც რომ მიმეგნო ნატვრისთვალისათვის, რას ვინატრებდი?! პატარა რომ ვიყო, ალბათ ფოჩიან კანფეტებს დავხარბდებოდი, შოკოლადს ვინატრებდი, სულაც, ,,ნიკორას“ ნაყინზე გავგიჟდებოდი, თვალფოფინა თოჯინებს მოვთხოვდი. იმისთვის, რომ ნება დაერთოთ მთვარეს გადავხვეოდი, მწარედ ავტირდებოდი, წამსვე ოცნებით ატმის რტოებისაგან დაწნულ მზის საქანელაზე ავქანავდებოდი, მაგრამ ზურგზე წლებმოკიდებული ტვირთით უსაშველოდ დამძიმებულს ასეთი სურვილების გამხელის მრჩხვენია და უფრო სერიოზულ ხელჩასაჭიდს დავეძებ.

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ჩემს პირად დღიურში ვწერდი: ,,ვიცი არარსებულს ვერ გიპოვი და მაინც დაგეძებ. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ვრწმუნდები, რომ მე დავეძებდი სიყვარულს წარმოსახვითი მამაკაცის მდგრად ჩარჩოებში.“

მერე ძლიერ ვინატრე და ოცნება სინამდვილედ მექცა. დიახ, ჩემი ოცნება იქცა სინამდვილედ ისე, რომ ნატვრისთვალისათვის ხელიც არ შემიხია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ პატარა ქვა რომ მეკავა ხელში, ის იყო ნატვრისთვალი, იქნებ - ატმის პაწია რტო ან ჩემი საყვარელი მზეთავთუხა გვირილები?!.. იქნებ სულაც ძლიერი სურვილის შედეგი იყო ოცნების სველი საშოდან რეალობის წამოტირება?!..

და მაინც ჩემთვის ვჩურჩულებ: ღმერთო, მომეც ნატვრისთვალი! ღმერთო, მომეც ნატვრისთვალი!

რას ვინატრებდი? რას მოვიმოქმედებდი? ყველა ოცნებიდან შექმნილ ადამსა და ევას სინამდვილეში გადმოვაბარგებდი, შევაუღლებდი და ქორწილს სუყველას მე გადავუხდიდი, მაგრამ ეჭვი მაინც ეჭვია. როგორც ონორე დე ბალზაკი იტყოდა: ,,იტალიელ გენიოსს შეუძლია შექმნას ლეგენდა ოტელოზე, ინგლისელ გენიოს შეუძლია იგი წარმოადგინოს სცენაზე, მაგრამ მარტოოდენ ბუნებას აქვს მინიჭებული უფლება, ერთ გამოხედვაში ინგლისზე და იტალიაზე უფრო ბრწყინვალედ და სრულყოფილად გადმოსცეს ეჭვიანობა.“

დიახ, ამ საკითხში ბუნებაა დამნაშავე და ნუ დამძღახავთ, თუ ჭვი შემაქვს ნატვრისთვალის არარსებობაში. მისი არარსებობის მთავარი დამადასტურებელი საბუთი კი ისაა, რომ იგი არავის უნახავს, ხელში არავის კავებია, თვით ამ საქმეზე თავგადადებულ ელიოზსაც ვერ ეღირსა სიკვდილის ბოლო წუთებში მაინც ნატვრის ხის ქვეშ ამოძრომოდა სული. და თუკი არსებობს, მაშინ ვერ ამიხსნია ამდენ ხანს რატომ ვერ უნდა გვეპოვნა ეს ოცნების საგანი.

და მაინც: ღმერთო, მომეც ნატვრისთვალი! ღმერთო, მომეც ნატვრისთვალი!

მე დაჩოქილი ვნატრულობ ისე, როგორც მორწმუნე წყალობას რომ გამოსთხოვს ლოცვით შემოქმედს, მაგრამ ასე ღმერთი წყალობას არ გზავნის ჩემისთანების უნიათო ნატვრის გამგონე.

 

 

...

სოფლის სიწყნარე გრილ აბაზანასავით მამშვიდებს. ფრინველები უხმო ლანდებივით დასრიალებენ ჰაერში. მწერების ბზუილი ძლივს სწვდება ყურთასმენას. სადღაც ახლოს დათარეშობს ტურა და მელა. იგრძნობა ჩუმი მოძრაობა სილიან ბილიკსა თუ ნამიან ბალახზე. ბაყაყებიც მონოტორულად ყიყინებენ და მეც ვგრძნობ, რომ ბუნების განუყოფელი ნაწილი ვარ. ჩემი გული ახლა სავსეა გაურკვეველი გრძნობით, ისევე, როგორც ეს იდუმალი ღამე ბუნდოვანი ხმებით. ფოთლებში ისმის ჭიკჭიკი. რაკრაკი ტოტიდან ტოტზე, ხიდად ხეზე გადადის და ვგრძნობ, ჩემდაუნებურად როგორ ვერწყმი ამ ცოცხალ პოეზიას.

შეიძლება რომ ამდროს არ იფიქრო სიყვარულზე? სოფლის სიმშვიდე და სიგრილე, მისი დამამშვიდებელი, ნაზი გარემო ხომ სიყვარულის გრძნობას უღვიძებს ადამიანს?!

მდინარის ზედაპირზე ოდნავ დაბერილ ნიავს ჩუმი ნაბიჯების ხმაც მოაქვს. თითქოს უტყვად, მაგრამ მაინც მრავლისთქმელად შემომცქერის სიყვარულისაგან გადაღლილი თვალები და ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ ხანმოკლე დიალოგი იმართება. დიალოგს ვერ იმახსოვრებს გონება, თვალებში ამოკითხული კი სამუდამოდ იბეჭდება მეხსიერებაში. არის ისეთი რამ, რომლის მოყოლა ან ფურცელზე გადატანა ჭორს ემსგავსება, ზოგჯერ ერთი გამოხედვა უფრო მრავლისმთქმელი ხდება,ვიდრე ათასი და ათი ათასი სიტყვა.

დაე, იმ გრძნობით გაელვებულ წამს გაუმარჯოს, რომელიც სამუდამოდ კვალს უტოვებს მეხსიერებას!

 

 . . .

-წყალზე გასულო არწივო, ასე რამ აგაღრიალა?

მტერიც კი წამოატირე, თავად მოყვარე კი არა.

-ასაბღავებლად მეყოფა ჩემი დაცლილი ფიალაც,

დღევანდლობამდე მოვსულვარ, გმირულად გამივლია გზა.

-წყალზე დაჭრილო არწივო, ასე რამ დაგამცინარა?

-მეყოფა საამაყებლად ფართოდ გახსნილი იარაც.

 

. . .

მეორე თვეა უშენობით დამძიმდნენ მხრები,

თეთრი სხეულის მოგუდული ჩამესმის კვნესა,

როგორც არასდროს, ისე მინდა ჩაგეკრა თმებში

და ყველა შენი სადარდელი ვისკივით შევსვა.

მეორე თვეა დღეც და ღამეც ვერ ვპოვე შვება,

მეორე თვეა, უშენობით დამძიმდნენ მხრები,

ო, რომ იცოდე, როგორ მინდა რომ გნახო ეხლა,

უცილოდ მოხვალ, ყვავილივით ჩამიკრავ თმებში.

 

. . .

ნება რომ მომცეთ,

გვირილებად გადვიქცეოდი,

მშობელ მხარეში

მზის სხივებად დავიბნეოდი,

ანდა ზეცაზე

ცისარტყელად გადვიკრებოდი,

ფრთაშეკვეცილი

მაინც ცისკენ გავფრინდებდი...

ნება რომ მომცეთ,

გვირილებად გადვიქცეოდი!

 

 

. . .

ნაღვლიანი დღე იდგა.. ძლივს ილანდებოდნენ მთები.. ნისლი ელამუნებოდა მთის მწვერვალებს... მუქად შეფერილიყო ხეთა ჩრდილებიც... შავი იყო ხნული, შავი და მწებავი... გვიბნარევ სივრცეში იკარგებოდნენ ღრუბლები...

კვლავ და კვლავ იკლაკნებოდნენ ფიქრები...

ვემარტოვებოდი სიყვარულს და ვაზის ნათლობას. თვლემდა ლოკოკინა. იმედით გავყურებდი სამყაროს. ადრე თუ ვჩურთავდი სილამაზეთა და საოცრებათა მოხატულობას, ახლა გამომქონდა სამზეოზე.

თავადაც არ ვიცი რა მინდა, მაგრამ ეს კია, გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. გარე სამყაროსაგან მოწეტილი ვერკვევი ჩემს მდგომარეობაში. ახლა თითქმის ისეთივე ვარ, როგორიც - უწინ, ჩემში სევდიანი სიმღერების შემოფრთხიალებამდე.

სულამოხდილი და წელში მოხრილი დგანან გომბეშოები. რაღაც უცნაურ, ჩემთვის გაუგებარ ამბებს მიყვებიან ჩიტუნები. ახლა გარესამყაროსაგან მოწყვეტილი, ოთხ ბუმბერაზივით ცადაზიდულ მთას შორის, ძამის ულამაზეს ხეობაში მოვკალათებულვარ და იმ ადამიანს წავაგავარ, ხმაურისაგან თავმობეზრებული ყურებს თითებით რომ დაიხშობს და აღარაფრის გაგონება არ სურს. მე ის ადამიანი ვარ, თავს ძალა რომ დაატანა და მიუკარებელ სამფლობელოში გადმობარგდა, მე ის ადამიანი ვარ, თავის თავში გარკვევა რომ გადაწყვიტა.

ზაფხულის ცივი დილა მინახავს ასეთი მთაში. ღმრა ძილიდან ერთბაშად რომ გამოიღვიძებ და ლურჯ ცას  დაინახავ, მოწმენდილს, კამკამასა და ღრმას. მზე ჯერ არ ამოწვერილა, მაგრამ აღმოსავლეთით ჰორიზონტთან უკვე ფეთქავენ და იცინიან პირველი სხივები და სადღაც სამყაროს სიღრმიდან მომავალი ჰარმონია უხილავი ძალით ავსებს ჩემს სხეულს. მე მთელი არსებით ვგრძლობ, რომ ამ ჰარმონიის განუყოფელი ნაწილი ვარ და უეცრად უმიზეზო ღიმილით, ნათელი და შეუბღალავი, პირველყოფილი ღიმილით ვუღიმი ზეცას.

გაღებული ფანჯრიდან შემოსული სიგრილე ვიგრძენი თუ არა, გარეთ ჰაერზე გასვლის სურვილი მომეძალა. კარებს ვაღებ და ეზოში გავდივარ. ირგვლივ გამეფებულ სიწყნარეში მკვეთრად ჩამესმის ძამის ღრიალი, რომელიც ჩემს დახუთულ სულს მალამოსავით ესალბუნება.

სულიო, - ვახსენე. მაინც რა არის სული?! ნოდარ დუმბაძის ქალბატონი ანიკოსავით არ მჯერა იმის, თითქოს სული ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ფიქრი და ოცნება იყოს, რომელიც თავისუფლებისაკენ მიილტვის. მე სული ერთმანეთში შეზავებული სიყვარული და სიძულვილი მგონია და როდესაც სულის გადასარჩენად ვიბრძვით, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევძლოთ ამ ორი უკიდურესობის გადახარისხება და წინა პლანზე სიყვარულის წამოწევა. ყოველივე ეს კი ტაძრისკენ მიმავალი გზით გვარდება და მართლაც რა არის გზა, თუ ტაძართან არ მიგვიყვანს?!

შინაგანი ,,მე“ მზად არის ყველა ადამიანური ცოდვის მოსანანიებლად. ძალიან მინდა სულის გაშიშვლება. სულ რამდენიმე ხნის წინ არ ვამბობდი, მე ხომ შემოდგომა იმიტომ მიყვარს, ნაჭერ-ნაჭერ რომ ეცლებათ ქვედაწელი კაბები და ლიმონისფრად აფეთქებული გული რომ გვიჩვენებს მათ ნამდვილ სახეებსთქო.

ჰოი, თავო ჩემო, ახლა რაღა მაწუწუნებს. შესაძლებლობა მეძლევა ცოდვები ჩამოვწმინდო სამოსგაცლილ, გაშიშვლებულ ხეებსაც და ლიმონისფრად აფეთქებულ გულსაც.. 

ღმერთო, რამდენი ფიქრი მახრჩობს. ამ ფიქრების მესაიდუმლე კი ქაღალდია, რომელზედაც ჩემი ფიქრები იშენებს ბუდეს. 

 

 

 

 



მინაწერი: ვინ ვარ და რას წარმოვადგენ? ან ეს ჩემი გაცრეცილი ლექსები რისი მაქნისნი არიან შემოდგომის ფოთლებივით გახუნებულნი და დამჭკნარნი? ან თუნდაც ეს ჩანაწერები მეწამულისფერი სამოსითა და ოქროსფრად შეღებილი თმებით, მიმსგავსებულნი დაკოჟრილი ხელებით შემოხრიგინებულ კოჭლ შემოდგომას, მოახლოებულ აკლდამასავით ცივი ზამთრის სუსხი რომ აშინებს,- ვის რაში სჭირდება? მე ხომ ერთი უბრალო მოკვდავი ვარ, მარტოობისგან თავდაღწევის სურვილით ფრაზებს ამოფარებული. ვიცი, მალე გაივლის დრო და ეს ჟოლოსფერი მოგონებებიც, რომლითაც სავსეა ჩემი ლექსები, წარსულს ჩაბარდება. მაშინ ჩავიძირები ღრმა ფიქრებში, შებინდებისას ჩამოვჯდები ოცნების ღრუბელზე, თვლემარე მზეზე დავდებ სულის პალიტრას და ხელს მივყოფ მხოლოდ წერას მემუარებისას. მე დავწერ უამრავ სიტყვას გარდასულ დროზე, - კობოფუტურისტებივით მოვინდომებ საკუთარ, იმდენად საკუთარი სიტყვების მოძებნას, რომ ბგერებიც კი ჩემი ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდნენ და ამით იმ მხატვარზე მეტად აღვზევდები, ერთ დროს მახინჯი პერსეფონე რომ ჩამოაგვირისტა...

ეს შემდეგ.. აქამდე კი უბრალოდ ვწერდი, ვწერდი ჩემთვის. ჩემი ნაწერების მცირე ნაწილს იცნობდა მხოლოდ წრე ჩემი ახლობლებისა. აქამდე ასე იყო! დღეს ცოტას ვღელავ, ჩემი ,,ნაფიქრის“ მკითხველთა წრე ფართოვდება!

ძვირფასო მკითხველო, დაე, იმ გრძნობით გაელვებულ წამს გაუმარჯოს, რომელიც სამუდამოდ დამაკავშირებს შენთან! მე მხოლოდ ერთს გთხოვ, გაითვალისწინო, რომ როცა ეს ლექსები იწერებოდა, მე ვწერდი ჩემთვის, შენ მაშინ არ არსებობდი, არ მყავდა შემფასებელი, ეს ფრაზები ჩემს პირად დღიურს ჰკრავდა. დღეს ამ დღიურის რაღაც ნაწილი შენ გაგიზიარე, ის ნაწილი, რომელსაც ოდესღაც მე ვწერდი ჩემთვის!...

                                                                                  პატივისცემით,

                                                                                  ნინო ელბაქიძე











Комментариев нет:

Отправить комментарий